ახალი ამბები

კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2″–ის საკითხს სწავლობს

1 ოქტომბერი, 2015 •
კახა კოჟორიძე: პრეზიდენტის ადმინისტრაცია “რუსთავი 2″–ის საკითხს სწავლობს

„დამოუკიდებელი მედია დემოკრატიული სახელმწიფოს ერთ-ერთი უმთავრესი ფუნდამენტია. საქართველოს პრეზიდენტისათვის ეს თემა არის უაღრესად მნიშვნელოვანი. როგორც კი დღეს ტელეკომპანია „რუსთავი 2″–თან დაკავშირებით გავრცელდა ინფორმაცია, პრეზიდენტთან მქონდა კომუნიკაცია. მან დამავალა შემესწავლა ეს საკითხი და მიმეწოდებინა დეტალური ინფორმაცია. ჩვენი შემდგომი მოქმედებები ამის შემდეგ გახდება ცნობილი”, – განაცხადა პრეზიდენტის მრჩეველმა კახა კოჟორიძემ.

 

დღეს ცნობილი გახდა, რომ ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ დააყადაღა “ტელეკომპანია საქართველოს” 100%–იანი წილი. 

 

ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2″–ის 51%-ს ფლობს. რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალ მეპატრონეს ეს თანხა ტელეკომპანიისთვის გრაფიკით უნდა ჩაერიცხა.

 

ქიბარ ხალვაშმა რუსთავი 2-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოს 2015 წლის 4 აგვისტოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით მოითხოვა რუსთავი 2-ის პარტნიორთა წილების დაყადაღება, რაც სასამართლომ დააკმაყოფილა. ხალვაშის ადვოკატების თქმით, ქიბარ ხალვაშმა ტელეკომპანია “რუსთავი 2” 2004 წელს დაახლოებით 7 მილიონ აშშ დოლარად შეიძინა, თუმცა 2006 წელს მაშინდელი პრეზიდენტის მიხეილ საკაშვილის ჩარევით მას ტელეკომპანია წაართვეს.

მასალების გადაბეჭდვის წესი