ახალი ამბები

სამედიცინო პირბადის წარმოება დაიწყო საქართველოში – მთავრობა

16 აპრილი, 2020 • 2388
სამედიცინო პირბადის წარმოება დაიწყო საქართველოში – მთავრობა

საქართველოს მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია “რესპირატორი” საქართველოში სამედიცინო დანიშნულების სამშრიან პირბადეებს დაამზადებს.

“ადგილობრივი წარმოების პირველ 4 მლნ სამედიცინო პირბადეს, ქვეყნის ჯანდაცვის სისტემის მომარაგების მიზნით, ფონდი „ქართუ“ შეიძენს და სახელმწიფოს უსასყიდლოდ გადასცემს”, – ნათქვამია მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომპანია “რესპირატორი” დღე-ღამეში 200 ათასიდან 250 ათასამდე სამშრიანი სამედიცინო ნიღბის წარმოებას შეძლებს. კომპანიის დირექტორის თქმით, ასეთი სახის პირბადეების დასამზადებლად საჭირო ნედლეული მსოფლიოში დეფიციტშია, თუმცა საქართველოს მთავრობისა და დიპლომატიური კორპუსის მხარდაჭერით საწარმომ საქართველოში შესაბამისი მასალის ჩამოტანა შეძლო.

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძის თქმით, სამედიცინო პირბადეების ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს საქართველოს მდგომარეობას პირბადეების დეფიციტის მხრივ.

მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს კომპანია “რესპირატორის” დირექტორის, სერგო გალუსტიანის განცხადებასაც, რომლის მიხედვითაც, სამშრიანი სამედიცინო ნიღბები სერტიფიცირებულია დაავადებათაკონტროლის ეროვნული ცენტრის მიერ და სრულ შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან.

„ეს პირბადე არის ყოველგვარი CE სერტიფიკატის და ევროსერტიფიკატით დაცული. აღნიშნული ბირბადის შესაქმნელად გამოიყენება ხუთი ინგრედიენტი და სამზე გავლილია სერტიფიცირება აშშ-ში.  შესაბამისად, ის ნედლეული, რომელიც გამოიყენება ჩვენს პირბადეში, არის თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რა სტანდარტებითაც უნდა დამზადდეს პირბადე. ლუგარის ლაბორატორიისაგან მივიღეთ ნებართვა, რომ პირბადეების მიწოდება-რეალიზაცია შეგვიძლია ქართულ ბაზარზე” ,- განაცხადა შპს „რესპირატორის“ დირექტორმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი