ახალი ამბები

ადვოკატი: ხალვაში რუსთავი 2–ის მფლობელებისგან 18 მლნ ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

1 ოქტომბერი, 2015 •
ადვოკატი: ხალვაში რუსთავი 2–ის მფლობელებისგან 18 მლნ ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვს

ქიბარ ხალვაში განმარტავს, რომ სწორედ ზიანის ანაზღაურების უზრუნველყოფა იყო ერთ–ერთი მოტივი, რის საფუძველზეც ტელეკომპანია “საქართველოს” წილების დაყადაღება მოითხოვეს. ტელეკომპანია “საქართველოს” 100%–ს რუსთავი 2–ის მეწილეები, ყარამანიშვილები ფლობენ. თავის მხრივ, “საქართველო” “რუსთავი 2–ის” 51%–ს ფლობს. 

 

რეესტრში დარეგისტრირებული ხელშეკრულების თანახმად, ტელეკომპანია “საქართველო” უნდა გაყიდულიყო დიმიტრი ჩიქოვანზე, რომელიც დავით კეზერაშვილის ცოლისძმაა. ტელეკომპანია უნდა გასხვისებულიყო 400 000 დოლარად, თუმცა განსაკუთრებული პირობების გრაფაში მითითებულია, რომ ტელეკომპანია საქართველოს 51%-იანი წილი რუსთავი 2-ში შეადგენს 6 მილიონ აშშ დოლარს და ახალ მეპატრონეს ეს თანხა ტელეკომპანიისთვის გრაფიკით უნდა ჩაერიცხა.

 

სალია განმარტავს, რომ აგვისტოში გამოტანილ სამართლო განჩინების საფუძველზე, “რუსთავი 2″–ს აეკრძალა დამატებითი ფინანსური ვალდებულების აღება. მისივე განცხადებით, ამ შემთხვევაში “რუსთავი 2” უშუალოდ არ მონაწილეობს ხელშეკრულებაში, თუმცა მის სასარგებლოდ 6 მლნ–ი ლარი უნდა გადაეხადათ. სალია ამას ფიქტიურ გარიგებას უწოდებს და აცხადებს, რომ ეს “რუსთავი 2 ფინანსური ვალდებულების დატვირთვის მიზნით მოხდა. 

 

“იმ შემთხვევაში, როდესაც ქიბარ ხალვაშის საკუთრების უფლება აღდგება  ამ წილებზე, მესამე პირებს, ამ შემთხვევაში დავით კეზერაშვილს, რომელიც, ფაქტობროვად, წარმოდგენილია მისი ცოლისძმის სახით, ჰქონდეს უფლება, სამართლებრივი საფუძველი “რუსთავი 2″–ს მოთხოვოს ეს თანხა, რომელსაც თითქოს ისინი შეიტანენ ტელეკომპანიაში. ეს, მოგეხსენებათ, მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში ჩააგდებს “რუსთავი 2″–ს, შეიძლება გამოიწვიოს გადახდისუუნარობა, შემდეგ გაკოტრება.”

 

პაატა სალიას განცხადებით, სწორედ ამის პრევენციისათვის მიმართეს სასამართლოს მაშინვე, როგორც კი ეს ინფორმაცია შეიტყვეს და ტელეკომპანია “საქართველოს” წილების გასხვისების აკრძალვა მოითხოვეს. იგი ასევე ამბობდა, რომ თუკი “რუსთავი 2” დამატებითი ფინანსური ვალდებულებებით იქნებოდა დატვირთული, ეს შეამცირებდა წილების ღირებულებებსაც, რომლის დაბრუნებისთვისაც მიმართული აქვს სასამართლოსათვის ქიბარ ხალვაშს. 

 

გარდა ამისა, ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, პირველ მოსამზადებელ სხდომაზე სასამართლოს დამატებითი სასარჩელო მოთხოვნით მიმართეს, რაც გულისხმობდა ქიბარ ხალავშის მოთხოვნას ზიანის ანაზღაურების შესახებ.

 

“ქიბარ ხალვაშმა ვერ მიიღო ის მოგება, რასაც იღებენ დღეს ტელეკომპანიის დღევანდელი მფლობელები. სწორედ ეს თანხები, მათ მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებიდან გამომდინარე, ანუ კომპანიის ბალანსიდან გამომდინარე, სხვა საგადასახადო დოკუმენტებიდან, რომლებიც წარმოდგენილი იქნა სასამართლოში, ჩვენ ვიანგარიშეთ დაახლოებით 18 მილიონი, რაც ბოლო 2 წლის განმავლობაში მოგების სახით უნდა მიეღო ქიბარ ხალვაშს. თუ აღდგება მისი საკუთრების უფლება ამ წილებზე და სწორედ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოვითხოვეთ ტელეკომპანია “საქართველოს” წილების დაყადაღება. ეს წილები წარმოადგენს ყარამანიშვილების საკუთრებას და ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის დაკმაყოფილების შემთხვევაში, მას უფლება აქვს ყარამანიშვილებისგან, ისევე როგორც სხვა პარტნიორებისგან, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება,”– აცხადებს პაატა სალია. 

 

ხალვაშის ადვოკატის განცხადებით, ტელეკომპანიის წილების დაყადაღება ამ ორი მოტივის გათვალისწინებით მოითხოვეს: 

 

“სწორედ ამ მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით მოხდა  ტელეკომპანიის წილების დაყადაღება, ასევე იმ მოტივით, რომ რეალურად პრევენცია მოგვეხდინა, რომ ამ დაეტვირთათ სამართლებრივი ვალდებულებით “რუსთავი 2,”– განმარტავს სალია.

 

გარდა ამისა, სალიამ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ მათ ასევე მიმართეს სასამართლოს დღევანდელი მფლობელების ანგარიშების დაყადაღების მოთხოვნითაც, თუმცა, მისივე განცხადებით, სასამართლომ მათ ამ ნაწილში უარი უთხრა.

 

ნეტგაზეთის კითხვაზე, რატომ არ იყო სარჩელში მითითებული ეს თანხა და რატომ მოხდა მისი მითითება ახლა, პაატა სალია პასუხობს:

“ეს ცოცხალი პროცესია, ვმსჯელობთ იურისტები, ვიღებთ მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას და სექტემბრის დასაწყისში, სექტემბრის შუა რიცხვებში შეჯერდა ეს პოზიცია, შეთანხმდა ქიბარ ხალვაშთან. თავიდან ეს მოთხოვნა არ ჰქონდა, შემდეგ დადგა საკითხი და დავაზუსტეთ სასამართლოში პირველივე სხდომაზე 17 სექტემბერს,”– განაცხადა პაატა სალიამ. 


სარჩელში, რომელიც ქიბარ ხალვაშმა სასამართლოში აგვისტოს დასაწყისში შეიტანა, ზიანის ანაზღაურების თანხად 500 000 დოლარი იყო მითითებული. 


სარჩელის თანახმად, ტელეკომპანიის ლოგოს, ასევე გადაცემების “ბოიარის სასახლე”, “უკანასკნელი გმირი” და “ჯეობარი” ავტორს წარმოადგენდა ქიბარ ხალვაში და, შესაბამისად, მიღებული შემოსავალი წარმოადგენდა მის კუთვნილებასაც.  ან/და მას, როგორც ავტორს, მათი სარგებლობის შედეგად უნდა მისცემოდა შესაბამისი კომპენსაცია “საავტორო და მომიჯნავე უფლებათა შესახებ” კანონის მოთხოვნებიდან გამომდინარე. სარჩელის მიხედვით, ზემოთ დასახელებული ქმედებების შედეგად ქიბარ ხალვაშს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი, რომელიც წარმოადგენს 500 000 აშშ დოლარის ექვივალენტ ლარს.

მასალების გადაბეჭდვის წესი