ახალი ამბები

ცდილობდნენ რუსულ ოკუპაციასთან გაეიგივებინათ – სუსი დავითგარეჯის პროცესებზე

16 აპრილი, 2020 • 1242
ცდილობდნენ რუსულ ოკუპაციასთან გაეიგივებინათ – სუსი დავითგარეჯის პროცესებზე

დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ შექმნილმა „დესტრუქციულმა კამპანიამ“, რაშიც „ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და ჯგუფები“ იყვნენ ჩართულები, საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება და ორი ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორობა, — წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური (სუსი) 2019 წლის ანგარიშში, რომელიც 15 აპრილს წარუდგინეს პარლამენტს.

ანგარიშის თანახმად, რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევების ფონზე, საქართველო სტაბილურად ინარჩუნებს კეთილმეზობლურ ურთიერთობებს თურქეთთან, სომხეთთან და აზერბაიჯანთან, თუმცა, ამის მიუხედავად, „მუდმივად არის მიმდინარე ორმხრივ ურთიერთობებში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევისა და მათი მიზანმიმართული დაზიანების მცდელობები“.

სუსი წერს, რომ გასულ წელს დაფიქსირდა ტენდენცია, როდესაც „სხვადასხვა პოლიტიკური და სამოქალაქო ჯგუფები ცდილობდნენ, აღნიშნულ ქვეყნებთან ურთიერთობების დესტაბილიზაციის მცდელობებით გადაეფარათ რუსეთიდან მომდინარე საფრთხეები, მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიების საკითხი“.

„ცალკეული ჯგუფების მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს ზოგიერთ რეგიონში მიმდინარე პროცესების რუსულ ოკუპაციასთან გაიგივების მცდელობას“.

„აღნიშნულ კონტექსტში განსახილველია 2019 წელს დავითგარეჯის სამონასტრო კომპლექსის ირგვლივ განვითარებული მოვლენებიც. ადგილი ჰქონდა დესტრუქციულ კამპანიას, რამაც საფრთხის წინაშე დააყენა საქართველო-აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარზე არსებული ვითარება, ასევე, ორ ქვეყანას შორის ჩამოყალიბებული სტრატეგიული პარტნიორობა“, – წერს უსაფრთხოების სამსახური.

უწყების თანახმად, „აღნიშნულ პროცესებში ჩართული იყვნენ სხვადასხვა ძალები, მათ შორის, ეროვნული ფასეულობების დაცვის საფარს ამოფარებული ცალკეული პირები და პირთა ჯგუფები“. სუს-ს არ დაუზუსტებია, თუ ვის გულისხმობენ.

„საკითხის გასამწვავებლად აქტიურად იყო გამოყენებული ე.წ. საინფორმაციო ომის მეთოდები. მიმდინარეობდა ქართულ-აზერბაიჯანული ურთიერთობების დამაზიანებელი განწყობების წახალისება, ასევე, პროვოკაციული მოწოდებებით, შექმნილი ვითარების „ოკუპაციის სიბრტყეში“ გადატანის მცდელობა“, – წერია აგარიშში.

„პროვოკაციების თავიდან აცილებისა და ვითარების დასტაბილურების მიზნით სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მხრიდან გატარდა შესაბამისი ღონისძიებები.

უწყება ჩართულია საქართველოს სახელმწიფო საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის მუშაობაში, რომელიც ასევე საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის აღნიშნული საკითხის დარეგულირების ლეგიტიმურ ფორმატს წარმოადგენს.

საფრთხეების მინიმიზაციის მიმართულებით შესაბამისი რეკომენდაციები ეძლევა მოლაპარაკებების პროცესში ჩართულ უწყებებს. ამასთან, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეგიონალური დანაყოფები, შესაბამის უწყებებთან კოორდინაციით მუდმივ რეჟიმში ახორციელებდნენ სასაზღვრო ზონის მიმდებარედ არსებული ოპერატიული ვითარების მონიტორინგსა და შესაბამის ოპერატიულ უზრუნველყოფას“, – წერს სუსი.

ვრცლად დავითგარეჯის საკითხზე „ნეტგაზეთის“ არქივიდან:

რა ვიცით დავითგარეჯის პრობლემაზე – მოკლედ და გასაგებად

მასალების გადაბეჭდვის წესი