ბოჭორიშვილის კლინიკის სამეთვალყურეო საბჭოს ხელმძღვანელის, მაკა სოლოღაშვილის თქმით, თუ საზოგადოების მხრიდან შესაბამისი რეკომენდაციები, მათ შორის, სოციალური დისტანცია, დაცული არ იქნება, ქვეყანას ვირუსთან გამკლავებისთვის სამედიცინო რესურსი არ ეყოფა.
„ყველაფერი დამოკიდებულია საზოგადოებრივ პასუხისმგებლობაზე. შესაძლებელია ეს ყველაფერი განვითარდეს ისე, რომ არ გვეყოს არანაირი მარაგი, ამიტომ ძალიან გთხოვთ, ყველამ ვიფიქროთ იმაზე, რომ შეიძლება არ გვეყოს არც მედპერსონალი, არც ადგილები, არც ეკიპირება და დავდგეთ ძალიან სერიოზული რისკების წინაშე.
თუ ჩვენ მოვიქცევით ისე, როგორც ამ დროისთვის ვიქცევით და ავიმაღლებთ საზოადოებრივ პასუხისმგებლობას, ყველაფერი, იმედია, გადაივლის. მაგრამ ეს არის ჩვენი საზოგადოების ხელში, ამიტომ დარჩით სახლში და ჩვენ მაქსიმალურად ვიზრუნებთ თქვენს ჯანმრთელობაზე“, – ამბობს მაკა სოლოღაშვილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, კონკრეტულად ბოჭორიშვილის კლინიკას რა რესურსი აქვს – სოლოღაშვილი ამბობს, რომ თუ ვირუსის გავრცელება დღეს არსებული ტემპით გაგრძელდა – „10 დღის განმავლობაში გვეყოფა, თუ ზრდის ტემპი მოიმატებს, მაშინ არაპროგნოზირებადია“.
საქართველოში, 16 აპრილის დილის მონაცემებით, კორონავირუსის 336 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 74, ხოლო დაიღუპა 3.
ეს მონაცემი ნიშნავს, რომ ქვეყანაში აქტიური 259 პაციენტია, ანუ ის პირი, ვისაც კორონავირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა რომელიმე კლინიკაში მკურნალობს.