ახალი ამბები

როგორ აპირებენ კარანტინის შემსუბუქებას ევროპის ქვეყნებში

16 აპრილი, 2020 • 1367
როგორ აპირებენ კარანტინის შემსუბუქებას ევროპის ქვეყნებში

ევროპის კონტინენტზე, სადაც არაერთ ქვეყანაში კორონავირუსით დაავადების 100 000 შემთხვევაზე მეტი დაფიქსირდა, ნელ-ნელა იწყებენ პრევენციული ზომების შედეგად მიღებულ საკარანტინო რეჟიმის შემსუბუქებას.

BBC-ის ცნობით, შეზღუდვების თანდათანობით მოხსნას აპირებენ ავსტრიაში, იტალიაში, ესპანეთში, პოლონეთსა და გერმანიაში. გარდა ამისა, ეს პროცესი შესაძლოა დაგეგმილზე ადრე დაიწყოს დანიამ. მიზეზი, რის გამოც ქვეყნები მკაცრი ზომების შემსუბუქებაზე ფიქრობენ, ვირუსის გავრცელების ტემპის შემცირებაა, თუმცა შეზღუდვების ნაადრევად მოხსნის შემთხვევაში არსებობის პანდემიის დაბრუნების საფრთხე – ამიტომ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია, რომელიც მიესალმება ვირუსის გავრცელების შენელებას, ქვეყნებს მოუწოდებს, პროცესი ნაჩქარევად არ დაიწყონ.

ევროკომისიამ ევროკავშირის წევრებს მოუწოდა, შემზღუდავი ზომების მოხსნისას ერთმანეთთან კოორდინაციაში იყვნენ, რათა გადადგმული ნაბიჯები თანმიმდევრული იყოს.

რას აპირებს ავსტრია?

ავსტრია იყო ევროპის ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მკაცრი შემზღუდავი ზომები დააწესა. ამჟამად, BBC-ის ცნობით, ქვეყანაში დაფიქსირებულია კორონავირუსით დაავადების დაახლოებით 14000 შემთხვევა და 368 გარდაცვალება.

წინა კვირას, იუწყება გამოცემა, კანცლერმა სებასტიან კურცმა განაცხადა, რომ იგეგმებოდა შეზღუდვების ნელ-ნელა შემსუბუქება.

სამშაბათიდან ავსტრიაში გაღების უფლება აქვთ მაღაზიებს, რომელთა ფართიც 400 კვადრატულ მეტრს არ აღემატება, მაგრამ მოქალაქეები კვლავ იქნებიან ვალდებული, სუპერმარკეტებსა და აფთიაქებში პირბადე ეკეთოთ.

„იმ ქვეყნების გამოცდილება, სადაც ამას [კორონავირუსის ეპიდემიას] თავი კარგად გაართვეს, გვასწავლის, რომ თანდათანობით უნდა ვიმოქმედოთ“, — განაცხადა ავსტრიის ეკონომიკის მინისტრმა მარგარეტ შრამბოკმა.

უფრო დიდი მაღაზიები, სავაჭრო ცენტრები და სილამაზის სალონები გეგმის მიხედვით პირველი მაისიდან უნდა გაიხსნას, რესტორნები და სასტუმროები კი, თუ შესაბამისი პირობები იქნება, მუშაობას მაისის შუა პერიოდიდან გააგრძელებენ.

იტალიის გეგმა

იტალიაში ამჟამად გეგმებში მხოლოდ წიგნებისა და ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიების გახსნაა, თუმცა ზოგიერთ რეგიონში, საიდანაც იტალიაში ვირუსი გავრცელდა, ზომები ნაკლებადაა შერბილებული — მაგალითად, ლომბარდიაში წიგნების მაღაზიები არ გაიხსნება, თუმცა ბავშვების ტანსაცმლის მაღაზიებს მიეცემათ მუშაობის გაგრძელების საშუალება.

ემილია-რომანიის რეგიონში არანირი შეზღუდვების მოხსნას ჯერჯერობით არ აპირებენ, ხოლო ვენეტოში წიგნისა  და ტანსაცმლის მაღაზიებს კვირაში ორი დღე მუშაობა შეეძლებათ. რეგიონში აგრეთვე მოიხსნება სახლიდან 200 მეტრის მოშორებით ვარჯიშის აკრძალვა, მაგრამ სახლიდან გამოსვლისას კვლავ პირბადის და ხელთათმანების ტარება იქნება სავალდებულო.

როგორია გერმანული სცენარი?

გერმანიაში მინიმუმ 3 მაისამდე ძალაში დარჩება სოციალური დისტანცირების წესები, კანცლერი ანგელა მერკელი კი ურჩევს მოქალაქეებს, გარეთ გასვლისას პირბადე გაიკეთონ.

შემდეგი კვირიდან, იუწყება BBC, გარკვეული ფართობის მაღაზიებს მუშაობის გაგრძელების ნებართვა მიეცემათ.

4 მაისის შემდეგ თანდათან გაიხსნება სკოლები, პრიორიტეტი კი მიენიჭებათ სტუდენტებს, ვისაც გამოცდა აქვს ჩასაბარებელი.

თუმცა 31 აგვისტომდე აკრძალული იქნება საზოგადოებრივი შეკრებები. დახურული იქნება ბარები, კაფეები, რესტორნები, კინოთეატრები და ა.შ.

ფართობის მიუხედავად, მუშაობის განახლება შეეძლებათ ავტოსალონებს, ველოსიპედებისა და წიგნის მაღაზიებს. ამგვარი უფლება აქვთ სილამაზის სალონებსაც, ოღონდ მათ მკაცრი ჰიგიენური ზომები უნდა დაიცვან.

მასალების გადაბეჭდვის წესი