ახალი ამბები

დისტანციის დაცვა შეიძლება 2022 წლამდე იყოს საჭირო — კვლევა

15 აპრილი, 2020 • 1814
დისტანციის დაცვა შეიძლება 2022 წლამდე იყოს საჭირო — კვლევა

კორონავირუსის გამო დაწესებული ფიზიკური დისტანცირების ზომების დაცვა შეიძლება 2022 წლამდე იყოს საჭირო, რადგანაც COVID-19 შეიძლება მომავალ წლებშიც გავრცელდეს. როგორც „გარდიანი“ წერს, შესაბამისი კვლევა მეცნიერთა ჯგუფმა ჟურნალ Science-ში გამოაქვეყნა.

კვლევის თანახმად, „ერთჯერადი“ კარანტინისა და თვითიზოლაციის რეჟიმი პანდემიის კონტროლის ქვეშ მოქცევას ვერ მოახერხებს და დაავადების მეორე ტალღა უფრო დიდი იქნება, ვიდრე ახლანდელი, თუ პრევენციული ზომები გაუქმდა.

კვლევაში პროგნოზირებული კიდევ ერთი სცენარის თანახმად, კორონავირუსის მორიგი აღზევება შესაძლოა მოხდეს 2025 წელს, თუ არ შეიქმნა ვაქცინა ან მკურნალობის ეფექტიანი საშუალება.

„ინფექციები ვრცელდება, როცა არსებობს ორი ფაქტორი: დაავადებული ადამიანები და ადამიანები, ვისაც შეიძლება დაავადება გადაედოთ. სანამ არ არსებობს „ჯგუფური იმუნიტეტის“ ბევრად უფრო დიდი შემთხვევები, ვიდრე ჩვენთვის ახლაა ცნობილი, მოსახლეობის უმრავლესობა რჩება იმ ადამიანთა ჯგუფში, ვისაც შეიძლება დაავადება გადაედოს“, — აცხადებს მარკ ლიფსითჩი, ჰარვარდის უნივერსიტეტის ეპიდემოლოგიის პროფესორი და კვლევის თანაავტორი „გარდიანთან“.

„პროგნოზი, რომ პანდემია [2020 წლის] ზაფხულში დასრულდება, არ მოდის შესაბამისობაში იმასთან, რაც ჩვენ ვიცით ინფექციების გავრცელებაზე“, — აღნიშნავს იგი.

მართალია, მსოფლიოში ამჟამად არსებულ შეზღუდვების შემდეგ გეგმების შესახებ არ საუბრობენ, გარდიანი წერს, რომ ეს კვლევა „კიდევ უფრო ამყარებს სამეცნიერო კონსენსუსს, რომ ფიზიკური დისტანცირება შესაძლოა ბევრად უფრო დიდხანს იყოს საჭირო, რათა დაავადებულების რაოდენობა არ იყოს იმაზე მეტი, რამდენის მიღებაც ჯანდაცვის სისტემას უკიდურესი დატვირთვისას შეუძლია“.

გარდა ამისა, როგორც „გარდიანი“ იუწყება, გაერთიანებული სამეფოს მთავრობის სამეცნიერო მრჩეველთა ჯგუფმა საგანგებო სიტუაციების დროს (SAGE) მარტში მთავრობას გადასცა დოკუმენტები, სადაც ეწერა, რომ სამეფოს მოუწევდა ერთი წლის განმავლობაში შეენარჩუნებინა პრევენციული ზომები და ჰქონოდა ხან მკაცრი, ხან შედარებით მსუბუქი დისტანცირების რეჟიმი, რათა ვირუსის შემთხვევების რაოდენობა ჯანდაცვის სისტემის ძალებს არ აღემატებოდეს.

თუმცა, ავტორების თქმით, ვაქცინამ, სამკურნალო პრეპარატმა ან ჯანდაცვის სისტემის შესაძლებლობების ზრდამ შეიძლება დისტანცირების საჭიროება შეამციროს, მაგრამ „ამ ყველაფრის გარეშე, ზედამხედველობა და დისტანცირება შესაძლოა 2022 წლამდე იყოს შესანარჩუნებელი“, — წერენ ავტორები.


ილუსტრაცია გარეკანის ფოტოზე: Covid19diagnose.com

მასალების გადაბეჭდვის წესი