რეზოლუციის მიღებამდე რამდენიმე დღით ადრე აზერბაიჯანის პირველი ლედი პარიზში იმყოფებოდა, სადაც მას თბილი მიღება მოუწყო საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა ელისეის სასახლეში და გახსნა ფოტოგამოფენა, სახელწოდებით – “აზერბაიჯანი: ტოლერანტობის ქვეყანა”.
საფრანგეთის ნაციონალურმა ტელევიზიამ 7 სექტემბერს გაუშვა სიუჟეტი, სადაც რეპორტიორი ეკითხება აზერბაიჯანის პირველ ლედის გამოფენის გახსნის დროს: “არის თქვენი ქვეყანა რეალურად ტოლერანტობის ადგილი?”
“დიახ, რა თქმა უნდა,” – უპასუხა ალიევამ, რომელიც ოდნავ აღელვებული ჩანდა. ჟურნალისტმა უთხრა, რომ აზერბაიჯანი არის ქვეყანა, სადაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საშინელი ვითარებაა ადამიანის უფლებების დაცვის კუთხით, რომელსაც ჰყავს “ბევრი პოლიტიკური პატიმარი ციხეში”, რაზეც ალიევამ მოუწოდა რეპორტიორს, რომ “სწორი ინფორმაცია მიეღო”.
ამის შემდეგ რეპორტიორმა მას სთხოვა, კომენტარი გაეკეთებინა ციხეში მყოფ უფლებადამცველ ლეილა იუნუსსა და ჟურნალისტ ხადიჯა ისმაილოვაზე. პირველ ლედის პასუხი აღარ გაუცია, მან ზურგი აქცია რეპორტიორს, ხოლო დაცვამ ჟურნალისტი უკან გასწია.
2015 წლის აგვისტოში ბაქოს სასამართლომ ლეილა იუნუსს 8.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, რომელსაც ბრალად ედებოდა თაღლითობა, გადასახადებისთვის თავის არიდება, უკანონო სამეწარმეო საქმიანობა, რეალურად კი სისხლის სამართლის საქმე მის უფლებადაცვით საქმიანობას უკავშირდებოდა. ციხეში ჩასვეს მისი ქმარიც, 60 წლის არიფი, რომელიც ავადაა, მაგრამ ამის მიუხედავად, 7 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს ასევე თაღლითობის მუხლით.
ხადიჯა ისმაილოვას, საგამოძიებო ჟურნალისტიკაში მრავალი პრიზის მფლობელსა და რადიო თავისუფლების კონტრიბუტორს, ბაქოს სასამართლომ 7.6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა დაახლოებით მსგავსი ბრალდებებით მას შემდეგ, რაც მან რამდენიმე სტატია გამოაქვეყნა პრეზიდენტის ოჯახის კორუფციიული გარიგებების შესახებ.
ამის გარდა, საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაციები აცხადებენ, რომ დაახლოებით 100 ცნობილი აზერბაიჯანელი უფლებადამცველი და ჟურნალისტია გისოსებს მიღმა, როგორც პოლიტიკური პატიმარი.
როგორც ჩანს, აზერბაიჯანის ელიტას ტოლერანტობაზე ლიმიტირებული აღქმა აქვს და მხოლოდ კულტურული და რელიგიური შემწყნარებლობა ჰგონია და სრულიად არ არის ტოლერანტული ალტერნატიული მოსაზრებებისადმი.
საფრანგეთის სატელევიზიო რეპორტაჟიდან სამი დღის შემდეგ ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, რომელიც მოითხოვს აზერბაიჯანის ხელისუფლებისგან ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებების პატივისცემას.
“ადამიანის უფლებების კუთხით ზოგადი ვითარება აზერბაიჯანში აშკარად გაუარესდა ბოლო რამდენიმე წლის მანძილზე, რაც გამოიხატება არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერების, უფლებადამცველების, ჟურნალისტებისა და სხვა სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების დაშინების, რეპრესიებისა და სისხლის სამართლებრივი დევნის გახშირებაში,” – ნათქვამია ევროპარლამენტის 10 სექტემბრის რეზოლუციაში.
ევროპარლამენტმა შეშფოთება გამოხატა “სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ უპრეცედენტო რეპრესიების” გამო აზერბაიჯანში და მოუწოდეს აზერბაიჯანს, “დაუყოვნებლივ და უპირობოდ გაათავისუფლოს ციხიდან ყველა პოლიტპატიმარი”, ასევე, მოუხსნას მათ ყველა ბრალდება და სრულად აღუდგინონ პოლიტიკური და სამოქალაქო უფლებები.
ევროპარლამენტი კიდევ უფრო შორს წავიდა და მოუწოდა “ევროკავშირის მმართველ სტრუქტურებს, დეტალურად გამოიძიონ კორუფციის ბრალდებები პრეზიდენტ ალიევისა და მისი ოჯახის მიმართ, რაც გამოააშკარავა გამომძიებელმა ჟურნალისტმა ხადიჯა ისმაილოვამ”.
ამას გარდა, ევროპარლამენტარებმა მოუწოდეს ევროკავშირს, დაუყოვნებლივ შეაჩეროს მოლაპარაკებები აზერბაიჯანთან სტრატეგიული თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებაზე მანამ, სანამ მთავრობა არ გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს ადამიანის უნივერსალური უფლებების დაცვისკენ, ასევე, გადახედოს და დროებით შეაჩეროს, თუკი საჭიროა, ყველანაირი დაფინანსება, რომელიც არ უკავშირდება სამოქალაქო საზოგადოებას და ხალხთა შორის თანამშრომლობას, რომლებიც წარმოდგენილია აზერბაიჯანში. ის ასევე სთავაზობს სამგზავრო აკრძალვებსა და სხვა სანქციებს აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის და მოსამართლეებისთვის, რომლებიც ჩართულნი არიან ოპონენტების პოლიტიკურ დევნაში.
ამის საპასუხოდ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გააუქმა ევროკავშირის საგარეო პოლიტიკის ჯგუფის ვიზიტი ბაქოში და ევროკავშირის დელეგაციის ხელმძღვანელს მალენა მარდს საპროტესტო ნოტა გადასცა.
ადამიანთა ჯგუფმა, ასევე, გამართა საპროტესტო აქცია ევროკავშირის წარმომადგენლობის ოფისის წინ ბაქოში და სკანდირებდნენ: “არ ჩაერიოთ აზერბაიჯანის შიდა საქმეებში!” “სამართალი ხოჯალის!” “შეაჩერეთ თქვენი პროსომხური პოზიცია!”
14 სექტემბერს აზერბაიჯანის მილი მეჯლისმა საგანგებო სესია გამართა და ხმა მისცა ევრონესტში აზერბაიჯანის მონაწილეობის შეჩერებას. ეს ორგანო შეიქმნა 2011 წელს, როგორც ევროკავშირის “აღმოსავლეთის პარტნიორობის ქვეყნების” (სომხეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, საქართველო, მოლდოვა, უკრაინა) ევროკავშირთან დიალოგის ფორუმი.
აზერბაიჯანის პარლამენტის წევრებმა გააკრიტიკეს ევროპელი კოლეგები “მიკერძოებულობისა” და “დესტრუქციულობისთვის”, რომლებმაც მოუწოდეს ბაქოს ბრიუსელთან თანამშრომლობის ფართოდ რევიზირებისკენ.
მილი მეჯლისმა მოითხოვა, რომ ევროპარლამენტმა “დაასრულოს თავისი დესტრუქციული საქმიანობა, რომელიც ძირს უთხრის ევროკავშირისა და აზერბაიჯანის ურთიერთობებს, შეაჩეროს ანტიაზერბაიჯანული, მიკერძოებული რეზოლუციების მიღების პრაქტიკა, რაც უფუძნება ცრუ ბრალდებებს ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, რომლებიც მზადდება სხვადსხვა ძალების გავლენით”.
კანონმდებლებმა ასევე გადაწყვიტეს, რომ ნებისმიერ სანქციაზე აზერბაიჯანის ხელისუფლების წარმომადგენლების მიმართ საპასუხოდ დაწესდება აკრძალვები ევროპარლამენტის წევრების ვიზიტებზე.
“ევროპარლამენტის რეზოლუცია აზერბაიჯანის შესახებ სრულიად უსაფუძვლოა. ეს არის პოლიტიკური პროვოკაცია, რომელიც ეფუძნება ტყუილსა და ცილისწამებას,” – დაპოსტა პრეზიდენტმა ილჰამ ალიევმა 16 სექტემბერს ტვიტერში, – “დღეს აზერბაიჯანი საიმედო ხელშია, არავის შეუძლია ჩვენზე ზეწოლა და გავლენის მოხდენა ჩვენს პოლიტიკაზე”.
ბაქოში ახალი სკოლის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლის დროს, 15 სექტემბერს, ალიევმა მოუწოდა ქვეყნის ახალგაზრდობას, არ მოექცნენ “უცხოეთის გავლენის და ე.წ. დასავლური ღირებულებების ქვეშ, რომლებსაც ჩვენი ხალხი არ იზიარებს”.
“შეხედეთ საშინელ მოვლენებს, რაც ხდება ევროპაში და ომიდან გაქცეული უმწეო ხალხის შეურაცხყოფას იქ. ეს არის ევროპული ღირებულებები? ეს არის ის ღირებულებები, რაზეც ისინი წლების მანძილზე საუბრობენ?” – განაცხადა ალიევმა.
“სად არის ტოლერანტობა? სად არის კულტურული მრავალფეროვნება? სად არის მათი მოწყალება და სიკეთე? არავინ ხედავს ამას იქ?” – განაგრძო მან – “რასაც ვხედავთ, ეს არის რელიგიური და ეთნიკური მტრობა, დისკრიმინაცია, ქსენოფობია, ისლამოფობია, ფაშიზმი, რასიზმი. ჩვენ არ გვჭირდება ამგვარი ღირებულებები. ეს მათ ჰქონდეთ”.
აზერბაიჯანის კრიტიკის მიუხედავად, ადამიანის უფლებების დარღვევის გამო ევროპარლამენტმა რეზოლუციაში დატოვა ადგილი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის და თქვა, რომ “სექტორული თანამშრომლობა არის ორმხრივად სასარგებლო, განსაკუთრებით ენერგოსექტორში; აზერბაიჯანს აქვს პოტენციალი გახდეს ევროკავშირის ერთ-ერთი ძირითადი სავაჭრო პარტნიორი”.
2019 წლიდან აზერბაიჯანი ევროპას 10 მილიარდ კუბურ მეტრ გაზს გაუგზავნის წელიწადში შაჰ-დენიზი II საბადოდან. აზერბაიჯანული “სოკარი” ფლობს 20%-იან წილს ტრანს-ადრიატიკის გამანაწილებელ მილსადენში.
ერთი კვირის შემდეგ, რაც ევროპარლამენტმა მიიღო რეზოლუცია, შაჰინ მუსტაფაევი, აზერბაიჯანის ეკონომიკური განვითარების მინისტრი შეხვდა ევროკავშირის წარმომადგენელს ქვეყანაში და განიხილა “რეგიონული განვითარების პერსპექტივები, არანავთობსექტორში და აგროკულტურაში თანაშრომლობისა და ევროკავშირი-აზერბაიჯანის ბიზნესფორუმი 2016-ის ორგანიზების” საკითხები.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |