ახალი ამბები

TI: ზეგანაკვეთურ სამუშაოს დასაქმებულთა უმრავლესობას არ უნაზღაურებენ

30 სექტემბერი, 2015 •
TI: ზეგანაკვეთურ სამუშაოს დასაქმებულთა უმრავლესობას არ უნაზღაურებენ

საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 70%-ს სამსახური არ აქვს. TI-ის ინფორმაციით, ეს მაჩვენებელი მოიცავს სხვადასხვა კატეგორიის მოქალაქეებს, მათ შორის სტუდენტებსა და პენსიონრებს და არ წარმოადგენს უმუშევრობის სტატისტიკის დათვლის მექანიზმს. გამოკითხვის შედეგების მიხედვით, მათი 53% დაინტერესებულია სამსახურის მოძიებით, თუმცა ბოლო ერთი თვის განმავლობაში სამსახურს უმუშევართა მხოლოდ მესამედი ეძებდა. ამასთან, ორგანიზაციის ცნობით, გამოკითხულთა ნახევარზე მეტი ამბობს, რომ მზადაა მუშაობა უახლოეს ორ კვირაში დაიწყოს.


 

საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველოს ცნობით, დასაქმებულთა თითქმის თანაბარი რაოდენობა დაქირავებული მუშაკია კერძო სექტორში ან საჯარო მოხელეა (ან სახელმწიფო ბიუჯეტით დაფინანსებულ ორგანიზაციაშია დასაქმებული.) TI ინფორმაციით, 13% თვითდასაქმებულია, 5%-ს საკუთარი ბიზნესი აქვს, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში დასაქმებულთა წილი კი 3%-ია.


 

„კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” მიერ ჩატარებული კვლევის შედეგების თანახმად, დაქირავებულ მუშაკთა 78% აღნიშნავს, რომ უკანასკნელი ექვსი თვის განმავლობაში ზეგანაკვეთური სამუშაო არ გაუწევია, 7% კი ზეგანაკვეთურად თითქმის ყოველდღე მუშაობს. როგორც TI-ში აცხადებენ, ასეთ შემთხვევებში, ზეგანაკვეთური შრომა 62%-ს არ უნაზღაურდება, 22%-ს ყოველთვის უნაზღაურდება, დანარჩენს კი- პერიოდულად.



IT-ის ცნობით, 2013 წელს ზეგანაკვეთურად გამოკითხულთა 50% მუშაობდა, 20% კი თითქმის ყოველდღე, ან კვირაში ერთხელ ან ორჯერ მაინც. არასამთავრობო ორგანიზაციის ინფორმაციით, ზეგანაკვეთური შრომის ანაზღაურების მაჩვენებელი 2013 წლის შემდეგ არ შეცვლილა, ხოლო გამოკითხულთა 62% მაშინაც მიუთითებდა, რომ ზეგანაკვეთური შრომა არ უნაზღაურდება.



„საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველოს” ცნობით, მათი ორგანიზაციისთვის საზოგადოებრივი აზრის გამოკითხვა 2015 წლის აპრილი-მაისის პერიოდში „კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა” ჩაატარა. IT-ის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით 1,867 ზრდასრული ადამიანი გამოიკითხა, ხოლო პასუხების ცდომილების ზღვარი საშუალოდ 3.7%-ია. არასამთავრობო ორგანიზაციი ცნობით, მონაცემები რეპრეზენტატულია მთელი საქართველოსთვის.


ინფოგრაფიკა © „საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველო”

მასალების გადაბეჭდვის წესი