ახალი ამბები

შსს-ს აცხადებს, რომ თელავში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

30 სექტემბერი, 2015 •
შსს-ს აცხადებს, რომ თელავში პოლიციელის მკვლელობაში ბრალდებული დააკავა

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა 2015 წლის 23 სექტემბერს, დაახლოებით 23:50 სთ-ზე, თავის მართვის ქვეშ მყოფი „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანით თელავში, ბახტრიონის ქუჩაზე, სახლში მიაკითხა ყოფილ პოლიციელ ბექა აბულაძეს და ქუჩაში გასვლა სთხოვა.

 

ბ. ა-მ შურისძიების მიზნით ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 17 ჭრილობა მიაყენა ბექა აბულაძეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა, აცხადებს პოლიცია. მიყენებული ჭრილობების შედეგად ბექა აბულაძე ადგილზე გარდაიცვალა.

გამოძიების ცნობით, ბრალდებულსა და გარდაცვლილ ბექა აბულაძეს 5 წლის წინ მოუხდათ ურთიერთშელაპარაკება, რომელიც ბექა აბულაძის პოლიციურ საქმიანობას არ უკავშირდება – ბექა აბულაძემ ბრალდებულს ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.

პოლიცია აცხადებს, რომ დანაშაულის ჩადენის იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღო, ხოლო დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლის მიხედვით მიმდინარეობს, რაც 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მკვლელობა
მკვლელობა

მასალების გადაბეჭდვის წესი