ახალი ამბები

საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 1.5 მილიარდ აშშ დოლარს მივიღებთ – გახარია

14 აპრილი, 2020 •
საერთაშორისო ორგანიზაციებიდან 1.5 მილიარდ აშშ დოლარს მივიღებთ – გახარია

პრემიერის, გიორგი გახარიას განცხადებით, საქართველო საერთაშორისო ორგანიზაციებიდან დაახლოებით 1.5 მილიარდ აშშ დოლარს მიიღებს.

პრემიერის განმარტებით, ეს იქნება მიზნობრივი დახმარება, რომელიც კონკრეტულ სახელმწიფო პროექტებს მოხმარდება. საუბარია ისეთ დონორ ორგანიზაციებზე, როგორებიცაა ევროკავშირი, აზიის განვითარების ბანკი, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი, ევროპის საინვესტიციო ბანკი, გერმანიის განვითარების ფონდი და საფრანგეთის განვითარების სააგენტო.

“ჩვენ უკვე დავასრულეთ საერთაშორისო სავალუტო ფონდთან მოლაპარაკება პროგრამის გაგრძელებასთან დაკავშირებით, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველო იქნება პირველი ქვეყანა, რომელიც  IMF-თან პროგრამის პირობების გაგრძელებაზე შეთანხმდა. ეს ჩვენი ეკონომიკისთვის ერთი წლის განმავლობაში დამატებით 447 მლნ დოლარს ნიშნავს. გარდა ამისა, მინდა მადლობა გადავუხადო ევროკავშირს, აზიის განვითარების ბანკს, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს, ევროპის საინვესტიციო ბანკს, გერმანიის განვითარების ფონდსა და საფრანგეთის განვითარების სააგენტოს. მათთან მოლაპარაკებების შედეგად ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ წლის ბოლომდე,საქართველოს ეკონომიკაში დამატებით ამ დონორების მხრიდან ინექციის სახით 1.5 მილიარდი დოლარი შემოვა”,-აცხადებს გახარია.

ამას გარდა, გახარიას თქმით, ეს ორგანიზაციები მზად არიან, კერძო სექტორს ასევე 1.5 მილიარდი დოლარით დაეხმარონ. როგორც პრემიერმა დღეს, 14 აპრილს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, ეს თანხა მობილიზებული იქნება ამ ორგანიზაციებში და საჭიროების შემთხვევაში ქართული ბაზნესი ამ ფულს მიიღებს.

“მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს ჩვენს საფინანსო სექტორთან. მათთან ერთად და მათი თხოვნით ჩვენ იგივე დონორ ორგანიზაციებთან მოლაპარაკებები გვქონდა. ამ ორგანიზაციებმა დამატებით განაცხადეს, რომ მზად არიან, საქართველოს კერძო სექტორს საფინანსო და რეალურ სექოტრებს ასევე 1.5 მილიარდი დოლარით დაეხმარონ. ეს თანხა ამ დონორ ორგანიზაციებში მობილიზებულია და საჭიროების შემთხვევაში ამ თანხის ათვისება ჩვენს ბიზნესს შეეძლება”,-ამბობს გახარია.

მასალების გადაბეჭდვის წესი