ახალი ამბები

ზიარება არ არის გარანტია, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით – საპატრიარქო

14 აპრილი, 2020 • 4350
ზიარება არ არის გარანტია, რომ ინფექციისგან დაცულები ვიქნებით – საპატრიარქო

“ის, რომ ადამიანი ეზიარება, ეს არ არის გარანტია იმის, რომ ჩვენ ინფექციისგან ვიქნებით დაცულები”, – დღეს, 14 აპრილს, განაცხადა საქართველოს საპატრიარქოს პრესპიკერმა ანდრია ჯაღმაიძემ.

“ჩვენ ეპიდემიოლოგები გვეუბნებიან, რომ ეს ისეთი ინფექციაა, რომელიც დროთა განმავლობაში ყველას შეგვეყრება. მთავარი სტრატეგიაა, რომ ეს პროცესი არ მოხდეს ერთბაშად, არ გადაიტვირთოს ჯანდაცვის სისტემა, არ მოხდეს შეუსაბამობა დაავადებულებსა და მათი მოვლის რესურსებს შორის. ამ ყველაფრის გათვალისწინებით ვმსახურებთ.

ტაძრების დახურვა, მსახურების შეჩერება წარმოუდგენელი რამ არის. ამიტომ, მაქსიმალურად ვაფრთხილებთ მრევლს, დაიცვან უსაფრთხოების ზომები. ვიღაცისთვის შესაძლებელია ღვთისმსახურება არის რაღაც რიტუალი და შეიძლება ვიღაცისთვის თამაშია. ჩვენ მიგვაჩნია, რომ უფრო მეტი მნიშვნელობის არის, ვიდრე ყველა ის საქმიანობა, რასაც ადამიანი აკეთებს”, – განაცხადა დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ.

მისი თქმით, ადამიანმა არ უნდა იფიქროს, რომ თუ სხვა წესებს დაარღვევს, მაგრამ ეზიარება, არ დაავადდება, ამიტომ მსახურებაზე დგომა ისეთნაირად უნდა მოხერხდეს, რომ დაინფიცირებული ადამიანები ერთმანეთს მოერიდონ.

დღეს ცნობილი გახდა, რომ კორონავირუსით დაინფიცირდა სასულიერო პირი, რომელმაც ბზობის დღესასწაულზე თბილისში ღვთისმსახურება ჩაატარა.

Covid-19 საპატრიარქოს დაცვის თანამშრომელს დაუდასტურდა

 

მასალების გადაბეჭდვის წესი