ახალი ამბები

3-კაციანი ღონისძიებისთვის 9000 ლარით დაგვაჯარიმეს – ლეიბორისტები

14 აპრილი, 2020 • 1041
3-კაციანი ღონისძიებისთვის 9000 ლარით დაგვაჯარიმეს – ლეიბორისტები

ლეიბორისტული პარტიის ახალგაზრდული ფრთის ხელმძღვანელის, მიშა ქუმსიშვილის თქმით, მთავრობის წინ გამართული 3-კაციანი ღონისძიების გამო ისინი დააჯარიმეს.

„სამი ადამიანი ვიყავით დღეს კანცელარიის წინ, სადაც გავაკეთეთ პატარა გამოფენასავით.. ამ გამოფენის მთავარი შინაარსი იყო ის, რომ გამოვფინეთ ის ტენდერები, რომლებიც საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემდეგ არის გამოქვეყნებული და ავარჩიეთ ისეთი ტენდერები, რომელთა მიზნობრიობა შეუსაბამოა დღევანდელი სიტუაციისთვის.

მაგალითად, ზუგდიდში მილიონ ლარამდეა გამოყოფილი ყინულის სახლის ასაშენებლად, ასევე, ტენდერი ცესკოს შენობის რემონტისთვის და ა.შ.“, – ამბობს ნეტგაზეთთან მიშა ქუმისაშვილი.

ის ყვება, რომ განცხადების წაკითხვის შემდეგ, როდესაც აქტივისტებმა მოლბერტები აიღეს, სამართალდამცველები მათთან მივიდნენ და თითოეულ მათგანს 3-ათასლარიანი ჯარიმები გამოუწერეს. ქუმისაშვილი ამბობს, რომ კანონი არ დაურღვევიათ, ვინაიდან, ისინი იცავდნენ დისტანციას, ამავდროულად, კანონი არ კრძალავს 3 ადამიანის შეკრებას დისტანციის დაცვით.

„მათ ჯარიმა გამოგვიწერეს იმ მოტივით, რომ თურმე ვატარებდით აქციას და აქცია/მანიფესტაციები აკრძალულია კანონით.

მაშინ როდესაც ჩვენ საჯაროდაც დავაფიქსირეთ, რომ ეს არ იყო აქცია და მას უბრალოდ განცხადების ფორმა ჰქონდა“, – აცხადებს ქუმისაშვილი და ამატებს, რომ ეს ქმედება პოლიტიკური ოპონენტებისთვის სიტყვის თავისუფლების შეზღუდვასა და სამომავლო დაშინებას ემსახურება.

საგანგებო მდგომარეობის მოქმედების ვადით იკრძალება „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული შეკრება ან/და მანიფესტაცია.

იკრძალება საჯარო სივრცეში ფიზიკურ პირთა თავშეყრა 3 პირზე მეტი რაოდენობით. ამ მუხლის მიზნებისთვის, საჯარო სივრცე არის როგორც ჭერქვეშ, ისე გარეთ არსებული ნებისმიერი ადგილი, თუ ის არ წარმოადგენს კერძო პირთა საცხოვრებელი მიზნებისთვის გამოსაყენებელ ადგილს.

ასევე იკრძალება ისეთი სოციალური ღონისძიებები, რომელიც დაკავშირებულია 3-ზე მეტი ფიზიკური პირის შეკრებასთან (მაალითად.: ქელეხი, ქორწილი და სხვა მსგავსი ღონისძიებები).

მასალების გადაბეჭდვის წესი