ახალი ამბები

ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

14 აპრილი, 2020 • 1705
ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად ტყეში ცეცხლის ღია კერები აღარ შეინიშნება

უკრაინაში გაჩენილი ტყის ხანძარი, რომელიც ჩერნობილის ატომურ სადგურს უახლოვდებოდა, ლოკალიზებულია და კონტროლს ექვემდებარება. ამის შესახებ BBC უკრაინის საგანგებო სიტუაციების სამსახურზე დაწრდნობით წერს.

შესაბამისი უწყებების განცხადებით, ამჟამად შეინიშნება დაკვამლიანება, თუმცა ცეცხლის ღია კერები აღარ არის.

ხანძარი ჩერნობილის მახლობლად ტყეში 4 აპრილს გაჩნდა, გუშინ კი მისი გავრცელება კატასტროფის ზონაში მოქცეულ ქალაქს, პრიპიატს მიუახლოვდა. ექსპერტები შიშობდნენ, რომ ხანძარი რადიოაქტიური ნარჩენების საცავს მიუახლოვდებოდა, რადგანაც კერები საცავიდან ერთ კილომეტრშიც შეინიშნებოდა.

მიუხედავად იმისა, რომ ტყის ხანძრები ამ რეგიონისთვის უცხო არაა, როგორც გამოძიებით დადგინდა, ამჯერად ცეცხლი ხელოვნურად იყო გაჩენილი. პოლიციამ 27 წლის კაცი დააკავა, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით, ცეცხლი ბალახს წაუკიდა, რის შემდეგაც ხანძარი გავრცელდა.

ცეცხლის ქრობას ისიც ართულებდა, რომ ხანძრის ფონზე ამ პერიმეტრზე მოიმატა რადიაციის დონემ.

ცეცხლის ჩასაქრობად ასობით მეხანძრე ვერტმფრენებისა და თვითმფრინავების დახმარებით მუშაობდა. რაც შეეხება ფონურ რადიაციას, ოფიციალურ მონაცემებით, კიევსა და მის შემოგარენში ეს მონაცემი ნორმის ფარგლებში რჩება.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა, რომ სიტუაციას ყურადღებით აკვირდება, საგანგებო სიტუაციების სასამსახურებს კი მადლობა გადაუხადა გამოჩენილი სიმამაცისთვის.


1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო. რეაქტორის გარშემო 30 –კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი