ახალი ამბები

პარლამენტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს განიხილავს

29 სექტემბერი, 2015 • • 1616
პარლამენტი სავალდებულო სამხედრო სამსახურის გაუქმებაზე კანონპროექტს განიხილავს

კანონპროექტის მიზანია, რომ გაუქმდეს სავალდებულო სამხედრო სამსახური, ხოლო მისთვის განსაზღვრული ფინანსები მოხმარდეს სამხედრო პროფესიული სამსახურის ხელშეწყობას და საქართველოს თავდაცვისუნარიანობის ამაღლებას.

 

კანონპროექტი პარლამენტში 2015 წლისs 23 ივლის დარეგისტრირდა, ხოლო დღეს, 28 სექტემბერს, ადამიანის უფლებათა დაცვის და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე განიხილება.

 

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქე ვალდებული იქნება მოიხადოს სამხედრო ვალდებულება საომარი მდგომარეობის დროს, იარსებებს მხოლოდ სამხედრო პროფესიული სამსახური.

 

შესაბამისად, თვითმმართველობებში გაუქმდება ეწ. კომისარიატები – სამსახურები, რომლებიც ახორციელებენ მოქალაქეთა აღრიცხვას და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევას.

 

კანონპროექტის ავტორის მტკიცებით, იs არ გამოიწვევს დამატებით ხარჯებს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, თუმცა ცვლილება გავლენას მოახდენს სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე, რადგან სახელმწიფო და თვითმმართველი ერთეულები ვერ მიიღებენ შემოსავლებს სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან, ხოლო მოქალაქეებს აღარ ექნებათ ვალდებულებად, რომ გადაიხადონ მოსაკრებელი.

 

ავტორის თქმით, სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების მოსაკრებლიდან 2014 წელს შემოსავალმა შეადგინა  1,376,603.00 ლარი. შესაბამისად, კანონპროექტის გავლენა ბიუჯეტების საშემოსავლო ნაწილზე იქნება დაახლოებით 1 377 000 ლარი.

 

თუმცა კანონპროექტით შემცირდება ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი, რადგან სახელმწიფო ბიუჯეტში აღარ იქნება გათვალისწინებული ხარჯები მოქალაქეთა აღრიცხვისთვის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისთვის. მაგ: სახელმწიფო ბიუჯეტიდან აღარ გაიწევა ხარჯი  სამხედრო ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა სამედიცინო შემოწმებისთვის 1 000 000 ლარის ოდენობით.

 

კანონპროექტტის ავტორი აცხადებს, რომ მოქმედი კანონმდებლობა პირებს შესაძლებლობას აძლევს, რომ რეალურად არ მოიხადონ სავალდებულო სამხედრო სამსახური, არ მიიღონ შესაბამისი სამხედრო მომზადება და ჩაირიცხონ საქართველოს შეიარაღებულ ძალებში.

 

2014-2015 წლებში შინაგან საქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 2650-ით; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებაში – სასჯელაღსრულების დეპარტამენტში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 2559-ით. საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გასაწვევ მოქალაქეთა მაქსიმალური რაოდენობა განისაზღვრა 2934-ით.

 

შესაბამისად, გასაწვევ მოქალაქეთა დაახლოებით 37% გადის რეალრუად სავალდებულო სამხედრო სამსახურს. ხოლო 63%-ს არ აქვს მიღებული სამხედრო განათლება და არ გააჩნია შესაბამისი მომზადება, მიაჩნია ზურაბ ჯაფარიძეს.

საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჯარისკაცები ისვენებენ ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე ფოტო: ნეტგაზეთი
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე, ჯარისკაცები ისვენებენ ოფიციალური ცერემონიის დაწყებამდე ფოტო: ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი