ახალი ამბები

ენმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდას ითხოვს

14 აპრილი, 2020 • 906
ენმ სტუდენტებისთვის სწავლის საფასურის ბიუჯეტიდან გადახდას ითხოვს

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი მთავრობისგან და განათლების სამინისტროსგან მოითხოვს, სტუდენტებს მეორე სემესტრის სწავლის საფასური გადაუხადოს. განათლების ყოფილი მინისტრის, დიმიტრი შაშკინის თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ბიუჯეტში ამისთვის საკმარისი თანხა აქვს:

“ნაციონალური მოძრაობა” საქართველოს მთავრობას მიმართავს, კონკრეტულად კი განათლების სამინისტროს, რათა მოხდეს 2019-2020 წლის გაზაფხულის, ანუ მიმდინარე სემეტრის სწავლის საფასურის გადახდა ყველა სტუდენტისთვის. სამინისტროს ეს ფული აქვს. სტუდენტებმა, რომლებმაც უკვე აიღეს ვალი და გადაიხადეს მეორე სემესტრის საფასური, მათ ეს თანხა უნდა აუნაზღაურდეთ და ანგარიშზე დაუჯდეთ”, – აცხადებს შაშკინი.

დიმიტრი შაშკინი ნეტგაზეთს ეუბნება, რომ სტუდენტების დასაფინანსებლად ბიუჯეტიდან დაახლოებით 70 მლნ ლარი იქნება საკმარისი. მისივე თქმით, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ პანდემიის პერიოდში თანხები დაზოგა როგორც ქვეყნის მასშტაბით საჯარო სკოლების კომუნალურ გადასახადებში, ასევე, პროფესიული გადამზადების პროგრამისთვის გამოყოფილ დაფინანსებაში.

“იმის გამო, რომ ამ დროისთვის კარანტინია გამოცხადებული, განათლების სამინისტროს აქვს დანაზოგი ,შეგიძლიათ აუთვისებელი თანხაც უწოდოთ. მოგეხსენებათ, ყველა სკოლა ამ დროისთვის დახურულია, რაც ნიშნავს იმას, რომ 2300 სკოლაზე მეტი კომუნალურ გადასახადებს არ იხდის და ეს ხდება იმ პერიოდში, როცა ცივი, მარტიდან გამომდინარე შუქისა და გაზის გადასახადი საკმაოდ მაღალი უნდა ყოფილიყო. იგივე ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც. შესაბამისად, კომუნალური გადასახადები აუთვისებელია. განათლების სამინისტროს აქვს ცალკე პროგრამა მასწავლებლის პროფესიული განვითარების, რომელიც ასევე აუთვისებელია. ამასთან, სამინისტროს აქვს უაპრავი ქვეპროგრამა ბიუჯეტში, მაგალითად სასწავლო ოლიმპიადები, რომლის თანხებიც ამ პირობებში ასევე აუთვისებელია”, – აცხადებს შაშკინი.

ნეტგაზეთს განათლების სამინისტროში უთხრეს, რომ “მსგავსი ტიპის პოპულუსტურ განცხადებებზე” კომენტრს არ გააკეთებენ. ამასთან, აცხადებენ, რომ უმაღლეს‭ ‬საგანმანათლებლო‭ ‬დაწესებულებებს‭ ‬მიეცათ‭ ‬რეკომენდაცია,‭ ‬გაზაფხულის‭ ‬სემესტრის‭ ‬სტუდენტთა‭ ‬სწავლის‭ ‬საფასურის‭ ‬საშეღავათო რეჟიმისა‭ ‬და სტუდენტებზე‭ ‬მორგებული‭ ‬ინდივიდუალური‭ ‬გადახდის ‭ ‬განრიგის‭ ‬ შემუშავების‭ ‬შესახებ‭.

” როგორც ჩვენთვის ცნობილია, უმაღლესი სასწავლებლები ითვალისწინებენ შექმნილ ვითარებას და სტუდენტთა ინტერესების გათვალისწინებით ამ საკითხთან მიმართებაში ყველას ინდივიდუალური მიდგომა აქვს”,-უთხრეს ნეტგაზეთს სამინისტროში.

მასალების გადაბეჭდვის წესი