ნეტგაზეთი | ავტობუსის ტაბლოები მუშაობას განაგრძობენ და საათს უჩვენებენ ავტობუსის ტაბლოები მუშაობას განაგრძობენ და საათს უჩვენებენ – Netgazeti

ავტობუსის ტაბლოები მუშაობას განაგრძობენ და საათს უჩვენებენ

თბილისის ქუჩებში საგანგებო მდგომარეობის გამო ავტობუსები აღარ დადიან, თუმცა მუშაობას აგრძლებენ ელექტრონული ტაბლოები. ამჟამად ისინი ავტობუსების  მარშრუტების ნაცვლად საათს უჩვენებენ.

ამ საკითხს ფეისბუკზე სამოქალაქო მოძრაობა “სირცხვილიას” აქტივისტი გიგა მაქარაშვილი გამოეხმაურა. მისი თქმით, ელექტრონული ტაბლოები ტყუილად ხარჯავენ ელექტროენერგიას.

უფუნქციოდ დარჩენილი, ათასობით ასეთი ელექტრო დაფაა თბილისში. 20 დღეა ანთია და ხარჯავს ელექტრო ენერგიას 😔თბილისის მერია / Tbilisi City Hall ჩართული დაგრჩათ ჯიგრებო ;)

Posted by გიგა მაქარაშვილი on სამშაბათი, 14 აპრილი, 2020

თბილისის სატრანსპორტო კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით, ავტობუსების გაჩერებებზე მდგარი ტაბლოები, რომელიც ჩვეულებრივ ავტობუსების განრიგს უჩვენებს, საგანგებო სიტუაციისას კი საათს, ვერ გაითიშება. სატრანსპორტო სამსახურის თქმით, ამ პერიოდში ტაბლოების მუშაობა ტექნიკურად აუცილებელია, რადგან ავტობუსების მოძრაობის აღდგენის შემდეგ სისტემა გამართული იყოს:

“მიუხედავად იმისა, რომ ავტობუსები არ მუშაობენ, ჩვენი IT სამსახურის ტაბლოების მონიტორინგის ჯგუფი ყოველდღიურ რეჟიმში, დისტანციურად მართავს მათ და აკვირდება, რომ არ იყოს რაიმე ხარვეზი ან დაზიანება რომელიმე მათგანზე. როდესაც დაიწყება ავტობუსების მოძრაობა, სერვისი უნდა იყოს გამართული და უნდა იმუშაოს შეფერხების გარეშე. ეს არის მიმდინარე მოვლა-შენახვითი პროცესი, რაც აუცილებელია და ვერ მოხდება ტაბლოს გამორთვა ელექტროენერგიის ქსელიდან’, – უთხრეს “ნეტგაზეთს” თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში.

ზუსტი რიცხვები, თუ რამდენი კილოვატი ელექტრონერგია დახარჯეს ტაბლოებმა მას შემდეგ, რაც ავტობუსებმა მოძრაობა შეწყვიტეს, უცნობია, თუმცა კომპანიაში აცხადებენ, რომ “ელექტროენერგიის ხარჯი მინიმალურია”.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი