ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა ამბობს, რომ მზად არიან პანდემიის შემდეგ საერთაშორისო კომპანიებს საქართველოში საქმიანობა შესთავაზონ.
მინისტრის განმარტებით, კორონავიურუსის პანდემიის შემდეგ ტრანსნაციონალური კომპანიები, სავარაუდოდ, შეიცვლიან ამჟამად ათვისებულ ქვეყნებს, როგორიცაა თუნდაც ჩინეთი. თურნავა ამტკიცებს, რომ საქართველოს მთავრობას კონტაქტი აქვს საერთაშორისო კომპანიებთან, რომლებიც მუშაობენ წარმოების სხვა ქვეყანაში გადატანაზე.
“ის ტრადიციული ინდუსტრიული ჰაბები, რაც აქამდე იყო ჩამოყალიბებული სხვადასხვა ქვეყანაში, იქნებოდა ეს ჩინეთი თუ რომელიმე სხვა რეგიონი, ალბათ, შეიცვლება. შექმნილმა სიტუაციამ გვიჩვენა, რომ მნიშვნელოვანი წარმოების, თუნდაც შუალედური სამრეწველო წარმოების ერთ რეგიონში, ერთ ყვეყანაში მაღალი კონცენტრაცია გარკვეულ რისკებს ქმნის და დღესდღეობით შექმნილმა მოულოდნელმა პრობლემამ მთლიანად გლობალური ეკონომიკის პარალიზება მოახდინა გარკვეულწილად.
შექმნილი სიტუაცია გვიჩვენებს, რომ გლობალური კომპანიები ფიქრობენ გარკვეული ბიზნესების სხვადასხვა გეოგრაფიულ არეალში გადატანას, რათა უფრო მეტად იყოს დაცული და დივერსიფიცირებული ნებისმიერი ბიზნესი. ჩვენ მზად ვართ, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მეტად კონკურენტუნარიანი ქვეყანა, ასეთ ბიზნესებს შევთავაზოთ საქართველო ალტერნატიულ პლატფორმად თავიანთი საქმიანობისთვის”, – ამბობს თურნავა.
ნეტგაზეთი ეკონომიკის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც გვითხრეს, რომ ამ კომპანიებთან მუშაობა მიმდინარეობს, შესაბამისად, უფრო კონკრეტულ ინფორმაციას ვერ მოგვაწვდიან.