ახალი ამბები

ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა – COVID-19

14 აპრილი, 2020 • 571
ინფიცირების 2 მილიონზე მეტი შემთხვევა – COVID-19

ახალი კორონავირუსული დაავადებით, COVID-19-ით, რომელიც SARS-CoV-2-ის მიერაა გამოწვეული, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მიერ შეგროვებული მონაცემების თანახმად, მსოფლიოს მასშტაბით დაავადების 2 მილიონ შემთხვევაზე მეტია  დაფიქსირებული. აქედან გარდაიცვალა 128,886 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 501,758. ინფორმაციას ამის შესახებ The Washington Post ავრცელებს.

ეს 15 აპრილის 19 საათისა და 37 წუთის (თბილისის) მონაცემია.

ახალი კორონავირუსი, რომელიც თავდაპირველად ჩინეთის პროვინცია ჰუბეის დედაქალაქ ვუჰანში, წინა წლის დეკემბერში გამოჩნდა და  იანვარში გავრცელდა, თანდათანობით მთელ მსოფლიოს მოედო. თებერვლის ბოლოსკენ იგი მასშტაბურად გავრცელდა იტალიაში, ოდნავ მოგვიანებით ევროპის სხვა ქვეყნებში — საფრანგეთში, გერმანიაში, გაერთიანებულ სამეფოში, ესპანეთში და ა.შ. ამავე პერიოდში ვირუსი აგრეთვე გავრცელდა ირანშიც.

ევროპის შემდეგ, ვირუსი გავრცელდა დასავლეთ ნახევარსფეროშიც — დიდწილად აშშ-ში, სადაც უკვე ნახევარ მილიონზე მეტი შემთხვევა ფიქსირდება.

რაც შეეხება საქართველოს, პირველი შემთხვევა გამოვლინდა 26 თებერვალს, 13 აპრილის მდგომარეობით კი ქვეყანაში სულ 272 შემთხვევაა დაფიქსირებული, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია 3 მოქალაქე. გამოჯანმრთელდა 68 ადამიანი, გარდაიცვალა 3.

მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, მოქალაქეებს მიეცათ რეკომენდაცია ან ბრძანება, სახლებიდან გადაუდებელი აუცილებლობის გარეშე არ გასულიყვნენ. დაიკეტა ყველა არააუცილებელი დაწესებულება, რის გამოც დიდწილად შეჩერდა ეკონომიკური აქტივობა.

მასალების გადაბეჭდვის წესი