ალექსანდრ ანქვაბი ბევრისთვის არახელსაყრელი იყო როგორც აფხაზეთში, ისე – რუსეთში. მას ავტორიტარული მმართველობის სტილი ჰქონდა, ძალიან რთული მომლაპარაკებელი იყო, არ იხრებოდა კომპრომისებისკენ, რამაც დიდწილად განსაზღვრა კიდეც მისი ბედი. რუსეთთან კავშირების მქონე ანქვაბთან შედარებით, ისე ჩანდა, რომ ხაჯიმბას მოლაპარაკებების წარმოების უკეთესი უნარები ჰქონდა. ეს კი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფაქტორია რესპუბლიკის პოლიტიკაში – ყველამ იცის, თუ რა მარტივად იკეტება დაფინანსების წყარო კრემლის მიერ საჭიროების შემთხვევაში.
რას ნიშნავს უფულოდ ყოფნა, იცოდა ანქვაბმა, თუმცა ანალოგიური გამოცდილება მიიღო ხაჯიმბამაც მისი პრეზიდენტობის პირველსავე წელს.
დღეს აფხაზეთში “გაგებით” ეკიდებიან იმას, რომ დაფინანსების შეყოვნება უკავშირდება რუსეთში ფინანსურ სირთულეებს, ნავთობზე ფასის დაცემისა და რუბლის დევალვაციის გამო. და ეს რეალურადაც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ ის თანხა, რასაც რუსეთი აფხაზეთში ხარჯავს, რუსული მასშტაბებით არც ისე დიდი მოცულობისაა, მე ამას ყველაზე მნიშვნელოვნად არ მივიჩნევდი.
ყველამ კარგად იცის, რომ დაფინანსება ყოვნდება იმის გამო, რომ ამ დრომდე არ არის ხელმოწერილი ყველა ხელშეკრუელება მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ რუსეთ-აფხაზეთის შეთანხმების განსახორციელებლად. ერთ-ერთი ასეთი შეთანხმების შინაარსზე – რომ შეიქმნას რუსულ-აფხაზური საინფორმაციო-საკოორდინაციო ცენტრი შინაგან საქმეთა ორგანოებისა – მე უკვე დავწერე ნეტგაზეთისთვის, ამიტომ აღარ განვმეორდები. ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ რუსეთს აშკარად ეგონა, სწრაფად მოაწერდა ხელს შეთანხმებებს, თანაც მისთვის ყველაზე მისაღებ ვარიანტებზე (რაც არსებითად ითვალისწინებს აფაზეთის სრულ ინკორპორაციას).
ვარაუდს და მკითხობას, თუ რატომ ეგონა კრემლს, რომ ხაჯიმბა აღმოჩნდებოდა ასეთი მორჩილი, არ დავიწყებ. თუმცა, როგორც ჩანს, რაღაც საკითხები განიხილებოდა ხაჯიმბასა და მოსკოვს შორის მაისის სახალხო ყრილობის შემდეგ, რასაც მოჰყვა პოსტიდან ალექსანდრ ანქვაბის გადადგომა . მაშინ შესაძლოა გაისმა კიდევ რაღაც დაპირებები. მაგრამ, როგორც არ უნდა იყოს, ხაჯიმბა დამთმობი არ აღმოჩნდა.
მისი მომხრეები მიიჩნევენ, რომ ამის მიზეზი მისი გულწრფელი პატრიოტიზმია. მოწინააღმდეგეები, თავის მხრივ, მიუთითებენ ახალი პრეზიდენტის სისუსტეზე. მათი მოსაზრებით, ხაჯიმბას მდგომარეობა ძალიან სუსტია იმისთვის, რომ ხელი მოაწეროს არახელსაყრელ შეთანხმებებს, რაც კიდევ უფრო ამცირებს რესპუბლიკის ისედაც შეზღუდულ სუვერენიტეტს.
ამაში ბევრი რამაა სიმართლე. ხაჯიმბა მართლაც ვერ გახდა ძლიერი ლიდერი თავისი შეკრული გუნდით. მისი საკადრო პოლიტიკა ეკლექტურია და მე ვიტყოდი, რომ ქაოტურიც. იქმნება ისეთი შთაბეჭდილება, რომ აფხაზეთის პრეზიდენტი ცდილობს აამოს სხვადასხვა აფხაზურ კლანს, რათა გააერთიანოს საზოგადოება (ასეთია დეკლარირებული მოტივაცია), თუმცა აფხაზეთის პრეზიდენტი მხოლოდ და მხოლოდ კარგავს მომხრეებს და უფრო და უფრო ნაკლებად მნიშვნელოვანი პოლიტიკური ფიგურა ხდება. დიახ, ის იღებს გადაწყვეტილებებს, თუმცა მათი შემხედვარე ჩნდება განცდა, რომ ხაჯიმბა ბევრ შემთხვევაში უკმაყოფილოა, მოქმედებს სერიოზული შიდა ძალების ზეგავლენით.
ახალი აფხაზი ლიდერის სისუსტე განსაკუთრებით თვალშისაცემი ხდება აქტიური პარტიული მშენებლობის ფონზე, რაც რესპუბლიკაში წელს დაიწყო. ლოგიკურია, რომ ალექსანდრ ანქვაბის ყოფილი მომხრეები, ბოლოს და ბოლოს, შეიკრიბნენ და დაიწყეს ოპოზიციური პოლიტიკური სტრუქტურის ფორმირება. ამასთან, ყოფილი “რევოლუციონერების” რიგებშიც, პოლიტიკური პარტიების საკოორდინაციო საბჭოს მომხრეებსა და აფხაზეთის საზოგადოებრივ ორგანიზაციებს შორის, რომლებმაც დაასრულეს მესამე პრეზიდენტის მმართველობა, ხდება მსგავსი დუღილი. ყოფილი საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი შამბა ქმნის თავის ფრაქციას (პრორუსულს) პარლამენტში. ხდება ფონდ “აინარის” ტრანსფორმაცია პოლიტიკურ პარტიად (რომელსაც აქვს მკვეთრად გამოხატული ნაციონალისტური იდეოლოგია). ყველას ესმის, რომ ხელისუფლება სუსტია და სურთ იყვნენ მზად მის დასაუფლებლად, თუკი ამის შესაძლებლობა გაჩნდება.
რა თქმა უნდა, ხაჯიმბას სისუსტის მიზეზია ფინანსური რესურსების არქონაც. კლანების ლოიალობა და ბიუროკრატია მოისყიდება ფულით და არა პატრიოტიზმზე ქადაგებით. ქადაგებები ამ წელში, რა თქმა უნდა, ბევრი იყო. კიდევ რაღა რჩება ხაჯიმბას სალაპარაკო, გარდა იმისა, რომ გასულმა წელმა აჩვენა აფხაზეთის უნარი, რომ შეუძლია “დამოუკიდებლად ცხოვრება”, რუსული ფინანსების გარეშე.
თუმცა სიტყვები არ ანაყრებს. აფხაზეთი, რა თქმა უნდა, არ შიმშილობს, ტურისტული სეზონიც შედგა, თუმცა საბიუჯეტო დაწესებულებები უკმაყოფილონი არიან და ბიზნესსაც რთული დრო უდგას, რუსეთის ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე.
ამ დროს ხელისუფლება აქტიურად ეძებს შიდა რეზერვებს და ვისგან უნდა აიღონ ფული, თუარა ბიზნესმენებისგან?! ერთ-ერთი ასეთი მცდელობა იყო გადასახადის დაწესება აფხაზეთიდან თხილის გატანაზე. გასაგებია, რომ ამან ხაჯიმბას სამეწარმეო სფეროში პოპულარობა არ შემატა.
მთლიანობაში, წელი გამოდგა არა მხოლოდ უიღბლო, არამედ რაღაცნაიარად დაუსრულებელიც. რუსეთთან ხელშეკრულებების არსებითი ნაწილი, რომლებიც უნდა გაფორმებულიყო ამ წლის 1 ივლისისთვის, ამ დრომდე არ არის რატიფიცირებული პარლამენტში. ჯერჯერობით დეპუტატები კენჭს უყრიან იმ ხელშეკრულებებს, რომლებიც არ იწვევს კამათს – ძირითადად ეს სოციალურ სფეროს ეხება. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ყველაზე მწვავე პოლიტიკური პროცესები წინაა და მათ ნაწილს ჩვენ უახლოეს თვეებში ვიხილავთ.
სტატია მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. სტატიებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. |