ახალი ამბები

გვენეტაძის წინადადება ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების კონკურსით დანიშვნაზე საბჭომ ჩააგდო

28 სექტემბერი, 2015 • 1112
გვენეტაძის წინადადება ვაკანტურ ადგილებზე მოსამართლეების კონკურსით დანიშვნაზე საბჭომ ჩააგდო

“საერთო სასამართლოების სისტემაში ვაკანტურ ადგილებზე კონკურსის გამოცხადება, ამაზე კენჭისყრა ჩემ მიერ მომზადებული წინადადების საფუძველზე შედგა. სამწუხაროა, რომ კენჭისყრით საკითხი ვერ გადაწყდა, მხოლოდ და მხოლოდ არამოსამართლე წევრები არიან თანახმა საერთო სასამართლოების შესახებ ორგანული კანონით კონკურსის გამოცხადებაზე და არ არიან თანახმა მოსამართლე წევრები,”– განაცხადა ნინო გვენეტაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, ლევან მურუსიძე აცხადებს, რომ კონკურსი არ გამოცხადდება მხოლოდ იმ ადგილებზე, სადაც 4 წლის მანძილზე არც ერთი მოსამართლე არ იყო დანიშნული: 

 

“კონკურსი ძალიან მალე გამოცხადდება და ამის მომსწრეები თქვენ ყევლანი იქნებით და კონკურსი ჩატარდება რაც შეიძლება ხარისხიან და მოკლე ვადებში, ამის პირობას და გარანტიას ვიძლევი მე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი. კონკურსი არ ჩავარდნილა. აქ საუბარია დეტალებზე, რამდენ ადგილზე გამოცხადდეს კონკურსი. ჩვენი პოზიცია არის, რომ იმ ადგილებზე, რომლებსაც იკავებდნენ მოსამართლეები და რომლებსაც ვადა ამოეწურათ, ამ ადგილებზე გამოცხადდეს კონკურსი და ეს მოხდება უახლოეს დღეებში. რაც შეეხება დანარჩენ ადგილს, სადაც 4 წლის განმავლობაში არც ერთი მოსამართლე არ იყო დანიშნული, ამაზე გამოვიყენებთ დაწინაურებას,”– განაცხადა ლევან მურუსიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას. 

 

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, ვახტანგ მჭედლიშვილი კი ამბობს, რომ საბჭოს მოსამართლე წევრები ხცელოვნურად ქმნიან კრიზისს მართლმსაჯულების სისტემაში:

 

“უკვე რამდენიმე თვეა მოსამართლე წევრებისგან მიზამნიმართული საბოტაჟი მიმდინარეობს და ხელოვნურად ხდება მართლმსაჯულების სისტემაში კრიზისის შექმნა. წინა კვირას მოსამართლეებმა მიიღეს გადაწყვეტილება და ამ გადაწყვეტილებით 40–მდე მოსამართლეს ერთბაშად შეუწყვიტეს უფლებამოსილება, შესაბამისად, ძალიან გაიზარდა, კატასტროფულად, საქმეთა დატვირთვა საერთო სასამართლოების სისტემაში და სასწრაფოდ საჭირო იყო ორგანული კანონის თანახმად კონკურსის გამოცხადება. მოსამართლე წევრებმა კონკურსის გამოცხადებაზე შეიკავეს თავი,”– განაცხადა ვახტანგ მჭედლიშვილმა. 

 

ფოტო – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფეისბუკის გვერდიდან
ფოტო – იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ფეისბუკის გვერდიდან

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი