ახალი ამბები

შსს: სპეციალურ საშვებთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

28 სექტემბერი, 2015 •
შსს: სპეციალურ საშვებთან დაკავშირებით გავრცელებულ კადრებზე სამსახურებრივი შემოწმება დაიწყო

“იმ შემთხვევაში, თუ შემოწმების შედეგად დადგინდება რაიმე სახის გადაცდომა, გენერალური ინსპექცია შესაბამის რეაგირებას მოახდენს,”– წერია შსს–ს მიერ გავრცლებულ განცხადებაში. 


გარდა ამისა, გამოძიება პროკურატურაშიც დაიწყო:


“28 სექტემბერს ქალაქ თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში დაიწყო გამოძიება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეულ თანამშრომელთა მხრიდან სამსახურეობრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფაქტზე, დანაშაული გათვალისწინებული სსკ-ს 332-ე მუხლით,”– აღნიშნულია პროკურატურის განცხადებაში.

 

“რუსთავი 2″–ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, შსს–ს სპეციალური საშვები, ე.წ. “ნარუშილოვკები” სამინისტროს მაღალჩინოსნების ახლობლებს აქვთ. კერძოდ, ტელეკომპანიის გავრცელებულ ვიდეომასალაში პოლიციის ყოფილი ლეიტენანტი გიორგი ბაბუნაშვილი აცხადებს, რომ ღერძულა ხაზის გადაკვეთის გამო გააჩერეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილის, ლევან იზორიას ძმა, რომელმაც პოლიციელს ე.წ. “ნარუშილოვკა” წარმოუდგინა. ბაბუნაშვილის განცხადებით, ამის გამო იძულებული გახდა, რომ იზორიას ძმა შემოწმების გარეშე გაეშვა. გარდა ამისა, გიორგი ბაბუნაშვილმა განაცხადა, რომ იყო პოლიციელთა მიერ მოქალაქეების ცემის შემთხვევაც, რომელიც არ გამოუძიებიათ.

გიორგი ბაბუნაშვილი. ფოტო –
გიორგი ბაბუნაშვილი. ფოტო – ‘რუსთავი 2–ის’ გავრცელებული კადრებიდან

 

დღეს საქართველოს სახალხო დამცველმა უჩა ნანუაშვილმა ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ “რუსთავი 2″–ის ეთერით გავრცელებულ კადრებთან დაკავშირებით გამოძიება უნდა დაიწყოს.

 

“კანონით უნდა დაიწყოს გამოძება ამ მასალების გავრცელებისთანავე და იმედი მაქვს, უახლოეს დღეებში იქნება გარკვეული ნაბიჯები გადადგმული იმისთის, რომ ამ გარემოებებს, ასე ვთქვათ, ნათელი მოეფინოს. ჩვენ ვიქნებით ჩართული იმისთვის, რომ მივადევნოთ თვალყური, როგორ წარიმართება გამოძება ამ კონკრეტული ინციდენტის გარშემო,“– განაცხადა ომბუდსმენმა ჟურნალისტებთან საუბრისას.  

 

 

ფოტო –
ფოტო – ‘რუსთავი 2–ის’ გავრცელებული კადრებიდან

ამ საკითხზე ჟურნალისტებმა შეკითხვა პარლამენტის თავმჯდომარეს, დავით უსუფაშვილს პარლამენტში გამართულ დღევანდელ შეხვედრაზეც დაუსვეს. უსუფაშვილმა განაცხადა, რომ სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლები თავიანთ მოვალეობას პირნათლად უნდა ასრულებდნენ და თუკი მათი წასვლის შემდეგ რაიმე მოსაზრებები გამოითქმება, ამას ადეკვეტური პასუხი უნდა გაეცეს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი