ახალი ამბები

უსუფაშვილი: რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა აუცილებელი მინიმუმის დონეზეა

28 სექტემბერი, 2015 •
უსუფაშვილი: რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა აუცილებელი მინიმუმის დონეზეა

ჟურნალისტის შეკითხვას, არის თუ არა ენერგეტიკულ საკითხებზე მოლაპარაკებები რუსეთთან  საფრთხის შემცველი, უსუფაშვილმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობას ენერგეტიკის მიმართულებით სწორი პოლიტიკა აქვს. 


“ეს პოლიტიკა აგრძელებს იმ სტრატეგიულ გეზს, რაც ქვეყანამ დიდი ხნის წინ აირჩია, ყოველ შემთხვევაში, ბოლო 7–10 წლის განმავლობაში, და ეს არის რაც შეიძლება ნაკლები ენერგოდამოკიდებულება რუსულ წყაროებზე,”– განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.


უსუფაშვილის თქმით, ახლა სწორედ ეს პროცესი გრძელდება, რაც გამოიხატება, ერთი მხრივ, ახალი ჰესების მშენებლობაში, მეორე მხრივ, ტრადიციულ და ნაცად ეკონომიკურ და პოლიტიკურ პარტნიორებთან ენერგეტიკის სფეროში თანამშრომლობაში. უსუფაშვილი ამბობს, რომ ისინი ცდილობენ, გაიხსნას ახალი შესაძლებლობები ამ თვალსაზრისით და ამ სფეროში დივერსიფიკაცია კარგი იქნება. 

 


“რუსეთთან დაკავშირებით ჩვენი პოლიტიკა, ისევე როგორც ყველა სხვა სფეროშიც, ენერგეტიკაშიც, ეს არის აუცილებელი მინიმუმის დონეზე და მე ვერ ვხედავ ვერც რაიმე წინაპირობას, ვერც რაიმე გეგმას, რომ ეს შეიცვლება. რაც შეეხება აუცილებელი მინიმუმის დონეზე ურთიერთობას, აქ 2 სიტყვაა, მინიმუმი – რაც შეიძლება ცოტა- და მეორე, აუცილებელი, ანუ ის, რაც აუცლილებელი და გარდაუვალია. გარდაუვალია იმიტომ, რომ დღევანდელ მსოფლიოში გეოგრაფიულ და პოლიტიკურ საზღვრებს ვერ მიჰყვება ყველა საზღვარი, მათ შორის, ენერგეტიკული სისტემების ურთიერთობა, ეს იქნება ელექტროენერგეტიკული სისტემა თუ სხვა სისტემები. ისიც, რომ ჩვენი ტერიტორიების გავლით სხვა ქვეყნები იღებენ მესამე თუ მეოთხე ქვეყნებიდან მატარებლებს და ამ საკითხებში ჩვენ, რა თქმა უნდა, გვიწევს და ხვალაც მოგვიწევს მსგავსი ურთიერთობები,”– განაცხადა მან.


უსუფაშვილმა ასევე ენგურჰესის გარშემო არსებულ ვითარებაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ მისი სწორი ფუნქციონირების ნაწილში ურთიერთობა უწევთ არა მხოლოდ რუსეთთან, რომელიც რეალურად იქ ბევრ რამეს აკონტროლებს, არამედ აფხაზეთის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებთანაც. 

დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან
დავით უსუფაშვილი. ფოტო – დავით უსუფაშვილის ოფიციალური Facebook გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი