ახალი ამბები

ბელარუსში კორონავირუსით არავინ მოკვდება — ლუკაშენკო

13 აპრილი, 2020 • 2322
ბელარუსში კორონავირუსით არავინ მოკვდება — ლუკაშენკო

ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს განცხადებით, ქვეყანაში კორონავირუსით არავინ მოკვდება. მისი განცხადება რუსულ სახელმწიფო მედიას, „რია ნოვოსტის“ მოჰყავს.

„კიდევ ერთხელ მივმართავ მათ, ვინც დღეს საავადმყოფოშია. განსაკუთრებით კი იმათ, ვისაც კორონავირუსზე დადებითი ტესტი აქვს. ნურც კი იდარდებენ. ჩვენს ქვეყანაში კორონავირუსით არავინ მოკვდება. მე ამის შესახებ საჯაროდ ვაცხადებ“, — განაცხადა მან.

გარდა ამისა, ლუკაშენკოს მტკიცებით, ბელარუსში კორონავირუსი გარდაცვალების არც ერთ შემთხვევაში მიზეზი არ იყო. მისი თქმით, ყველაფრის ბრალია „ქრონიკულ დაავადებათა თაიგული“, რომლებიც პაციენტებს ჰქონდათ.


ალექსანდრე ლუკაშენკო, რომელსაც ხშირად „ევროპის ბოლო დიქტატორს“ უწოდებენ, კორონავირუსის საფრთხეს სერიოზულად არ მიიჩნევს — ბელარუსში კვლავ არ შემოუღიათ პრევენციული ზომები, ხოლო თავად ლუკაშენკო ვირუსთან ბრძოლის საუკეთესო მეთოდებად არაყსა და აბანოს მიიჩნევს. „სჯობს ფეხზე დამდგარი მოკვდე, ვიდრე მუხლებზე დავარდნილმა იცოცხლო“, — აღნიშნავს იგი.

ბელარუსში, 14 აპრილისთვის, ოფიციალური მონაცემებით, დაფიქსირებულია დაავადების 2381 შემთხვევა და გარდაცვლილია 33 ადამიანი.

ამავე თემაზე იხილეთ:

არაყი, აბანო და ჰოკეი – ლუკაშენკოს კორონავირუსთან “ბრძოლის მეთოდი”

მასალების გადაბეჭდვის წესი