ახალი ამბები

საგამოძიებო სამსახური: NGO-ს დირექტორმა შვეიცარიული სააგენტოს თანხები მიითვისა

28 სექტემბერი, 2015 •
საგამოძიებო სამსახური: NGO-ს დირექტორმა შვეიცარიული სააგენტოს თანხები მიითვისა

უწყების ინფორმაციით, შვეიცარიის განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროსთან შეთანხმებით, 2011 წლიდან ახორციელებდა სოციალურ პროექტს, რომლის თანახმად, კონტრაქტორ არასამთავრობო ორგანიზაციას იძულებით გადაადგილებული პირებისთვის და ბუნებრივი კატასტროფებით დაზარალებული მოსახლეობისთვის საჭირო ნივთები და ინვენტარი უნდა შეეძინა. როგორც საგამოძიებო სამსახური აცხადებს, პროექტის განხორციელების მიზნით, შვეიცარიის სააგენტოს მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად არასამთავრობო ორგანიზაციას საბანკო ანგარიშზე 310 002 ლარი ჩაერიცხა.

 

საგამოძიებო სამსახურის ინფორმაციით, ბრალდებულმა არ შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და სამსახურეობრივი მდგომარეობის გამოყენებით მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა დიდი ოდენობით თანხა 188 468 ლარი.

 

უწყების ცნობით, “რეგიონალური განვითარების და სოციალური დახმარების ცენტრის“ დირექტორი გიორგი გოგიტიძე სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. საქმეზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,დ“ და მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით მიმდინარეობს, რაც ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 7 დან 11 წლამდე.

ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფეისბუკ გვერდიდან
ფოტო – ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ფეისბუკ გვერდიდან

მასალების გადაბეჭდვის წესი