ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრა კითხვა–პასუხის რეჟიმში წარიმართა. მათივე ცნობით, ამერიკაში მცხოვრები ქართველები ორმაგი მოქალაქეობის საკითხთან დაკავშირებით პრეზიდენტის მოსაზრებით დაინტერესდნენ. პრეზიდენტმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ქვეყნის პოლიტიკურ და ეკონომიკურ მდგომარეობაზე, საქართველო – რუსეთის ურთიერთობაზე, საგარეო პოლიტიკურ კურსზე და ქვეყნის ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითაზრებაზე ისაუბრა.
“რუსეთთან საუბარი არჩევანის თემა კი არ არის, მოგწონს თუ არ მოგწონს, არამედ აბსოლუტური აუცილებლობა არის რუსეთთან საუბარი. თუმცა ამ საუბრისთვის დრო უნდა მომწიფდეს და თვითონ რუსული პოლიტიკური ხელმძღვანელობა და რუსული შიდაპოლიტიკური დისკურსი რაღაცაზე უნდა იყოს ორიენტირებული, სადაც საერთოს დავინახავთ. არც ერთი ეს ომი მართლა არაფრის მომტანი არ არის რუსეთისთვის”– განაცხადა მარგველაშვილმა დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, საუბარი ასევე შეეხო უცხოეთში ახალგაზრდების განათლების მიღების შესაძლებლობების გაზრდის, რეპატრიაციის საკითხსა და დიასპორის წარმომადგენლების სამშობლოში დაბრუნების პერსპექტივებს.
დიასპორის წარმომადგენლებთან შეხვედრამდე მარგველაშვილი ქართულ დელეგაციასთან ერთად ნიუ-იორკში გამოფენა-გაყიდვა Discover Georgia-ს დახურვას დაესწრო.