ახალი ამბები

უკრაინაში სასულიერო პირები დააჯარიმეს

13 აპრილი, 2020 • 973
უკრაინაში სასულიერო პირები დააჯარიმეს

ბზობის დღესასწაულზე უკრაინის ეკლესიებში არსებულ ხალხმრავლობის ფაქტებს სამართალდამცველები სწავლობენ.

როგორც ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი ტვიტერზე წერს, 3 შემთხვევაში სასულიერო პირები ადმინისტრაციული წესით უკვე დააჯარიმეს, დამატებით 12 შემთხვევაზე კი მიმდინარეობს შესწავლა.

„უპასუხისმგებლობას და ადამიანის ჯანმრთელობის უპატივცემულობას ღმერთთან არანაირი კავშირი არ აქვს“, – განაცხადა არსენ ავაკოვმა.

უკრაინული გამოცემა Unian-ის ინფორმაციით, საქმე ეხება რამდენიმე ქალაქში, მათ შორის ჟიტომირში, გამართულ ბზობის დღესასწაულს: რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის რამდენიმე ტაძარში ბზობას ბევრი ადამიანი მივიდა.

უკრაინაში, ისევე, როგორც საქართველოში, კორონავირუსის გავრცელებასთან ერთად ბევრი შეზღუდვა დაწესდა, გამოცხადდა საგანგებო მდგომარეობაც. სხვა ზომებთან ერთად, იკრძალება 2-ზე მეტი ადამიანის ერთდროულად გადაადგილება ან შეკრება.

უკრაინაში კორონავირუსის 3102 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გარდაიცვალა 93, 97 კი გამოჯანმრთელდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი