ახალი ამბები

ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო რუსთავში გადაასვენეს

25 სექტემბერი, 2015 • 1372
ავღანეთში დაღუპული ქართველი სამხედრო რუსთავში გადაასვენეს

ავღანეთში დაღუპული სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს; 25 სექტემბერი, 2015, თბილისი, საქართველო ფოტო: თავდაცვის სამინისტრო
ავღანეთში დაღუპული სამხედრო ვასილ ყულჯანიშვილი საქართველოში ჩამოასვენეს; 25 სექტემბერი, 2015, თბილისი, საქართველო ფოტო: თავდაცვის სამინისტრო

საქართველოს შეიარაღებული ძალების IV მექანიზირებული ბრიგადის 43-ე ბატალიონის პირველი კლასის რიგითი ვასილ ყულჯანიშვილი აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო თვითმფრინავით, სპეციალური რეისით, ბაგრამის საავიაციო ბაზიდან გადმოასვენეს.

 

სამგლოვიარო ცერემონიალს აეროპორტში  დაღუპულის ოჯახის წევრები, საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი, გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი, რუსთავის მაჟორიტარი დეპუტატი ზვიად ძიძიგური და თავდაცვის სამინისტროსა და გენერალური შტაბის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

„დანაყოფი  კომბინირებულ პატრულს ახორციელებდა, რაც  ჯავშანტექნიკასთან ერთად გადაადგილებას,  გარკვეულ პოზიციებზე ჯავშანტექნიკისგან  საცეცხლე  ბაზის შექმნას, შემდეგ ფეხით გაწმენდასა და დაზვერვას გულისხმობს. საღამო ხანი იყო, როდესაც ქვეითი პატრულის განხორციელების შემდეგ, თავიანთი ჯავშანტექნიკისკენ ბრუნდებოდნენ, პირდაპირ ცეცხლის ზონაში მოხვდნენ, ერთ-ერთი მებრძოლი  სერჟანტი დაიჭრა. თვითონ დაღუპული, პირველი კლასის რიგითი  დაზღვევას ახორციელებდა, ჩამკეტად მოძრაობდა ფორმირებაში. დაჭრილის ევაკუაციის დროს უკვე მეორე მხრიდანაც გაიხსნა ცეცხლი და, სამწუხაროდ, საბედისწერო ტყვიამ ჩვენი მებრძოლი იმსხვერპლა. დაჭრილი წარმატებით გამოიყვანეს“, – განაცხადა გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ.

 

თავდაცვის სამინისტროს ცნობით, გარდაცვლილი ჯარისკაცის ოჯახს მთავრობა კანონით განსაზღვრულ 100 ათას ლარს გამოუყოფს, დაკრძალვის ხარჯებს კი თავდაცვის სამინისტრო დაფარავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი