ახალი ამბები

აშშ-მ შესაძლოა სანქციები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს არ გაიყვანენ

11 აპრილი, 2020 • 3382
აშშ-მ შესაძლოა სანქციები დაუწესოს ქვეყნებს, რომლებიც თავიანთ მოქალაქეებს არ გაიყვანენ

აშშ-მ შესაძლოა იმ ქვეყნებს, რომლებიც შტატების ტერიტორიიდან თავიანთი მოქალაქეების გაყვანაზე უარს განაცხადებენ, სანქციები დაუწესოს. პრეზიდენტ დონალდ ტრამპის შესაბამისი მემორანდუმი თეთრი სახლის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

მემორანდუმის თანახმად, სახელმწიფო მდივანსა და სახელმწიფო დეპარტამენტს ექნებათ უფლება, ქვეყნებს, რომლებიც უარს ამბობენ, ან უმიზეზოდ გადადებენ, აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნის შემდეგ შტატების ტერიტორიიდან თავიანთი მოქალაქეების ან ბინადრობის უფლების მქონე პირების გაყვანას, სავიზო სანქციები დაუწესონ.

„ქვეყნები, რომლებიც უარს ამბობენ ან უმიზეზოდ დებენ მათი მოქალაქეების ან მცხოვრებლების გაყვანას აშშ-დან SARS-CoV-2ის პანდემიის დროს ამერიკელებისთვის მიუღებელ საჯარო ჯანდაცვის რისკს ქმნიან. <…>

სახელმწიფო უსაფრთხოების დაცვის მდივანმა უნდა შეატყობინოს სახელმწიფო მდივანს იმ შემთხვევაში, თუ უცხო ქვეყნის  მთავრობა აშშ-ის ხელისუფლების მოთხოვნის შემდეგ  უარს აცხადებს,  ან უმიზეზოდ დებს უცხოელების გაყვანას, რომლებიც მისი მოქალაქეები ან ბინადრები არიან, და თუ ეს უარი ან გადადება ხელს უშლის სახელმწიფო უსაფრთოების დეპარტამენტს SARS-CoV-2-ის მიერ გამოწვეულ პანდემიასთან ბრძოლის ფარგლებში ჩასატარებელ აუცილებელ ოპერაციებს.

შეტყობინების მიღების შემდეგ, სახელმწიფო მდივანმა რაც შეიძლება სწრაფად და არა უგვიანეს შეტყობინების მიღებიდან 7 დღის შემდეგ, უნდა მიიღოს ამ ქვეყნისადმი სავიზო რეჟიმის დაწესების გეგმა“, — წერია მემორანდუმში.


აშშ-ში ამჟამად კორონავირუსით დაავადების ყველაზე მეტი შემთხვევაა დაფიქსირებული. დადასტურებული ინფიცირების შემთხვევები ნახევარ მილიონზე მეტია. გარდაცვლილია თითქმის 19 000 ადამიანი.

აშშ-ში ამჟამად კვლავ რჩება უცხო ქვეყნის მრავალი მოქალაქე, რომელიც სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ ახერხებს სამშობლოში დაბრუნებას.

გარეკანის ფოტო: EPA

მასალების გადაბეჭდვის წესი