ახალი ამბები

აღდგომის დღესასწაულზე შეკრებილებს კარანტინი ემუქრებათ — კენტუკის გუბერნატორი

11 აპრილი, 2020 •
აღდგომის დღესასწაულზე შეკრებილებს კარანტინი ემუქრებათ — კენტუკის გუბერნატორი

აშშ-ის შტატ კენტუკის გუბერნატორის, ენდი ბიშერის განცხადებით, ყველას ვინც აღდგომის დღესასწაულზე შეკრებებში მონაწილეობას მიიღებს და ხელისუფლების მიერ სახლში დარჩენის ბრძანებას დაარღვევს, სავალდებულო 14-დღიანი კარანტინის გავლა მოუწევს. ინფორმაციას ამის შესახებ NBC News ავრცელებს.

როგორც NBC იუწყება, ბიშერმა განაცხადა, რომ მასობრივ შეკრებაზე შემჩნეული ადამიანების მანქანების სახელმწიფო ნომერს შტატი ჩაიწერს და ადგილობრივ ჯანდაცვის ორგანოებს გადასცემს, რის შემდეგაც დამრღვევებს კარანტინში ყოფნის ბრძანებას პირადად გადასცემენ.

„იმედი მაქვს, რომ ყველამ იცის, რომ ასეთ დღეებშიც კი არ შეიძლება გვქონდეს ნებისმიერი ტიპის შეკრებები“, — განაცხადა გუბერნატორმა. „არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ხალხი ერთ შენობაში შეიკრიბოს, რადგანაც ასე ვრცელდება კორონავირუსი და ასე იღუპებიან ადამიანები“, — დაამატა ბიშერმა. მისი თქმით, სულ ცოტა 7 ეკლესია შტატის მასშტაბით, მაინც აპირებს სააღდგომო მსახურება ჩაატაროს.


როგორც NBC News წერს, კენტუკის შტატში ამჟამად კორონავირუსით დაავადების 1693 შემთხვევაა დადასტურებული, აქედან 90 ადამიანი გარდაიცვალა.

აშშ-ის შტატების უმრავლესობაში ადგილობრივმა ხელისუფლებებმა მოქალაქეებს სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს ან ამის ბრძანება გასცეს. დახურულია ყველა ობიექტი, გარდა სასიცოცხლოდ აუცილებლებისა (სასურსათო მაღაზიები და ა.შ).

მთლიანად აშშ-ში, ჯონ ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით დაავადების ნახევარ მილიონზე ადამიანი დაავადდა. აქედან გარდაიცვალა 18,777 ადამიანი, ხოლო გამოჯანმრთელდა 29,191.


გარეკანის ფოტოზე: გუბერნატორი ენდი ბიშერი. ფოტო: AP Photo/Bryan Woolston

მასალების გადაბეჭდვის წესი