ახალი ამბები

თბილისში 150 მშენებლობიდან უსაფრთხოების სტანდარტს 58 არღვევდა – მთავრობა

10 აპრილი, 2020 • 1104
თბილისში 150 მშენებლობიდან უსაფრთხოების სტანდარტს 58 არღვევდა – მთავრობა

საქართველოს მთავრობის ინფორმაციით, საქართველოს მასშტაბით კომპანიებისა და მშენებლობის მონიტორინგი მიმდინარეობს, თუმცა საგანგებო მდგომარეობიდან დღემდე რამდენიმე ათეულ ობიექტზე ხარვეზები დაფიქსირდა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას ინფორმაციით, დღემდე ინსპექტირება ჩატარდა საქართველოს მასშტაბით 158 კომპანიაში, რომელთაგან 20-ში ხარვეზები დაფიქსირდა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციებთან სამუშაო პროცესისა და გარემოს შესაბამისობის უზრუნველსაყოფად დრო მიეცათ.

მათივე ინფორმაციით, დღემდე მსგავსი კონტროლი მიმდინარეობს სამშენებლო ობიექტებზე. მთავრობა თბილისის მერიის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე დარყდნობით ამბობს, რომ დედაქალაქში უკვე შემოწმდა 150-მდე სხვადასხვა მშენებლობა. აქედან მხოლოდ 92 აკმაყოფილებდა შესაბამის სტანდარტებს და, შესაბამისად, მათ მუშაობის გაგრძელების უფლება მიეცათ.

„ის მშენებლობები კი, სადაც უსაფრთხოების ზომების არასათანადო უზრუნველყოფა გამოვლინდა, ამ ეტაპზე შეჩერებულია.

შრომის უსაფრთხოების წესების კონტროლი გრძელდება საქართველოს მასშტაბით აგრარულ ბაზრებზეც. მუშაობის განახლებას შეძლებენ ის ბაზრები, რომელთა ადმინისტრაციები სურსათის ეროვნული სააგენტოს სპეციალურ სავალდებულო პროტოკოლს სრულად დააკმაყოფილებენ“, – ამბობს მთავრობა.

საქართველოში შრომის სტანდარებისა და უსაფრთხოების დარღვევის პრობლემა, არაერთი არასამთავრობო ორგანიზაციისა და ომბუდსმენის თქმით, კვლავ აქტუალურია.

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2019 წელს სამუშაო ადგილზე 49 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 142.

2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 49 ადამიანი, დაშავდა – 142 – ომბუდსმენი

მასალების გადაბეჭდვის წესი