ახალი ამბები

2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 49 ადამიანი, დაშავდა – 142 – ომბუდსმენი

3 აპრილი, 2020 • 1069
2019 წელს სამუშაო ადგილზე დაიღუპა 49 ადამიანი, დაშავდა – 142 – ომბუდსმენი

სახალხო დამცველის ანგარიშის თანახმად, საქართველოში 2019 წელს სამუშაო ადგილზე 49 ადამიანი დაიღუპა, დაშავდა – 142.

ომბუდსმენი შსს-სგან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით ამბობს, რომ წინა წელთან შედარებით სამუშაო ადგილზე დაღუპვისა და დაშავების შემთხვევები მცირედით შემცირდა, მაგრამ ვითარება კვლავ მძიმეა.

ფოტო: სქრინშოტი სახალხო დამცველის ანგარიშიდან

სახალხო დამცველის თქმით, ინსპექტირების შედეგებმა აჩვენა, რომ შრომის უსაფრთხოების კუთხით ყველაზე პრობლემურია რისკების შეფასების ვალდებულების შეუსრულებლობა. ამასთან, დასაქმებულები ხშირად მუშაობენ ინდივიდუალური დაცვის საშუალებების გარეშე.

„2019 წლის განმავლობაში 92 ობიექტს შეუჩერდა სამუშაო პროცესი უსაფრთხოების ნორმების კრიტიკული დარღვევის გამო, რაც გულისხმობს, რომ გამოვლენილი შეუსაბამობები მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ადამიანის სიცოცხლეს ან/და ჯანმრთელობას და სავალდებულო იყო მათი დაუყოვნებლივ გამოსწორება“, – ნათქვამია ანგარიშში.

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს 2018 წელს მიენიჭა შრომის კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულების შემოწმების უფლებამოსილება. შრომის უსაფრთხოების ნორმებისგან განსხვავებით, მათ დაცვაზე ზედამხედველობის გაწევა მხოლოდ ორგანიზაციის წინასწარი თანხმობის შემთხვევაში შეუძლია.

სახალხო დამცველის თანახმად, 2019 წელს შრომითი უფლებების ნაწილში ინსპექტირებაზე თანხმობა მხოლოდ 19-მა დამსაქმებელმა გამოთქვა. პარალელურად კი გამოიკვეთა ისეთი მძიმე დარღვევები, როგორებიცაა უქმე დღეებში ნამუშევარი და ზეგანაკვეთური სამუშაოს აუნაზღაურებლობა, შეუსაბამობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ და არსებულ სამუშაოს შორის, ხელშეკრულების შეწყვეტის წესის დარღვევა და სხვა.

საპასუხოდ, შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი უფლებამოსილი იყო, გაეცა მხოლოდ სარეკომენდაციო ხასიათის მითითებები, ვინაიდან შრომითი უფლებების დაცვაზე ზედამხედველობის პროცესში არ არის აღჭურვილი შესასრულებლად სავალდებულო მითითებების გაცემის ან სანქცირების მექანიზმებით.

„საერთაშორისო ორგანიზაცია Human Rights Watch-ის მითითებით, ეს საკანონმდებლო და ზედამხედველობის ხარვეზები საქართველოში ხელს უწყობს იმ პრაქტიკას, რომელიც კვლავაც საფრთხეს უქმნის დასაქმებულებს.

შესაბამისად, ორგანიზაცია საქართველოს მთავრობას და პარლამენტს მოუწოდებს, შექმნან სრულფასოვანი შრომის ინსპექცია, რომელიც სათანადო პერსონალით იქნება დაკომპლექტებული, შესაბამისი რესურსებითა და მანდატით აღიჭურვება, რაც გულისხმობს სამუშაო ადგილის უსაფრთხოებასა და სამუშაო პირობებთან დაკავშირებული ყველა საკითხის შემოწმებას,“.

საქართველოს სახალხო დამცველი ამბობს, რომ უკიდურესად მნიშვნელოვანია შრომის კანონმდებლობის რეფორმაზე მუშაობის დროულად დასრულება, რამაც უნდა უზრუნველყოს შრომის ინსპექციის სისტემის სრულყოფა, ფართო მანდატითა და ქმედითი მექანიზმებით აღჭურვილი სახელმწიფო ზედამხედველობის მექანიზმის ჩამოყალიბების სახით.

მასალების გადაბეჭდვის წესი