ახალი ამბები

სერვისების სააგენტომ დოკუმენტების ელეტრონულად გაცემა განაახლა

10 აპრილი, 2020 • 2268
სერვისების სააგენტომ დოკუმენტების ელეტრონულად გაცემა განაახლა

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ საგანგებო მდგომაროების განმავლობაში შეჩერებული კიდევ რამდენიმე სერვისის გაცემა განაახლა.

იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეიდან სააგენტომ ქვეყნის მასშტაბით დაბადებისა და გარდაცვალების რეგისტრაცია, დაბადებისა და გარდაცვალების მოწმობების გაცემა და დოკუმენტების აპოსტილით დამოწმება განაახლა.

ვისაც დაბადების ან გარდაცვალების რეგისტრაცია და ამ მოწმობების პირველად ან განმეორებით მიღება სურს, სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონული ფორმით უნდა მიმართოს და განაცხადი უნდა გააკეთოს ვებგვერდზე – sda.gov.ge ან პორტალზე – my.gov.ge, რის შემდეგაც უნდა დაუკავშირდეს სააგენტოს დისტანციურ სამსახურს სკაიპის ოფიციალურ მისამართზე – sda.gov.ge.

განაცხადი ვიდეოგასაუბრებით დარეგისტრირდება. მომხმარებელი დოკუმენტის ელექტრონული ასლის მიღებას პორტალ my.gov.ge-ს ან sda.gov.ge-ს ვებგვერდების საშუალებით შეძლებს, ხოლო მზა დოკუმენტს, საჭიროების შემთხვევაში, ფოსტის საშუალებით მიიღებს.

ასევე, დღეიდან მოქალაქეები მათთვის საჭირო დოკუმენტის აპოსტილით დამოწმებას შეძლებენ. ამისთვის მომხმარებელი უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10, სადაც ოპერატორი მოინიშნავს მის საჭიროებას, რის შემდეგაც მოქალაქემ დასამოწმებელი დოკუმენტი სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფოსტით უნდა გაუგზავნოს მისამართზე: თბილისი, აკაკი წერეთლის გამზირი №67ა. აპოსტილით დამოწმებულ დოკუმენტს მოქალაქე მის მიერ მითითებულ მისამართზე ფოსტით მიიღებს.

სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ ასევე განაახლა პირადობის ელექტრონული მოწმობისა და ბიომეტრიული პასპორტის გაცემაც.ვისაც ბიომეტრიული პასპორტის აღება სურს და ერთხელ უკვე ჰქონდა აღებული ბიომეტრიული პასპორტი, მას შეეძლება განაცხადის გაკეთება my.gov.ge-ზე ან sda.gov.ge-ზე, ხოლო მზა დოკუმენტი დაინტერესებულ პირს ფოსტით გაეგზავნება. პირი, რომელიც პირველად იღებს ბიომეტრიულ პასპორტს და მანამდე არასოდეს ჰქონია, ან პირველად იღებს ელექტრონულ პირადობის მოწმობას, უნდა დაუკავშირდეს ცხელ ხაზს: 032 2 40 10 10. ოპერატორი მომხმარებელს დაუჯავშნის შეხვედრას და ჩაუნიშნავს.

რეესტრმა ასევე განაახლა კერძო საკუთრების გადაფორმებასთან დაკავშირებული სერვისების მიწოდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი