ახალი ამბები

პირბადე არ არის მოდური აქსესუარი, დაცვის საშუალებაა – თურნავა

10 აპრილი, 2020 • 2443
პირბადე არ არის მოდური აქსესუარი, დაცვის საშუალებაა – თურნავა

„ყველას უნდა გვახსოვდეს, რომ პირბადე დღეს არ არის რაიმე მოდური აქსესუარი. ეს არის, პირველ რიგში, პირადი დაცვის საშუალება, რაც თითოეულ ჩვენგანს იცავს ეპიდემიისგან და აუცილებელია, რომ ვატაროთ“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

10 აპრილს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგის დაწყებისას მინისტრმა ქართული წარმოების დოლბანდის პირბადეებს უწოდა „ყველაზე ლამაზი აქსესუარი დღესდღეობით“, რომელიც „ნებისმიერ მოდურ აქსესუარს ჯობია“.

„მე რომ მკითოთ, ეს არის მართლაც ყველაზე უფრო მოთხოვნადი, ლამაზი, მოხდენილი ნივთი, რომელიც, რაც მთავარია, იკერება საქართველოში“, — განაცხადა მან.

მინისტრის თქმით, სულ ერთი დღეა, რაც პირველი პარტია — 400 000 პირბადე — სააფთიაქო ქსელებში შეიტანეს, და გამოჩნდა, რომ მოთხოვნა დიდია: მაგალითად, ერთ-ერთ ქსელში პირბადეების 70% უკვე გაიყიდა.

მინისტრმა ისაუბრა პირბადის ხარისხზეც:

„თითოეული ნიმუში იგზავნება ლუგარის ლაბორატორიაში. ეს მასალა, დოლბანდი, იქნა შერჩეული NCDC-სთან ერთად, წლების გამოცდილებასა და დოლბანდის თვისებებზე დაყრდნობით. ყველა ოფიციალური დასკვნა ამასთან დაკავშირებით გვაქვს და დარწმუნებულები ვართ, რომ ბაზარზე წარმოდგენილ ანალოგებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ეფექტურია“.

პირბადის ღირებულება

თითო პირბადის საბაზრო ფასი აფთიაქებში 50 თეთრია. მინისტრის თანახმად, თითოეული პირბადის შეკერვა საშუალოდ ჯდება 1.08 ლარი, რომელშიც შედის:

  • ნედლეულის ღირებულება: „ეკონომიკის სამინისტრო ვიძენთ ნედლეულს, სამედიცინო დოლბანდს უცხოეთიდან. ამას ვაკეთებთ ჩვენ, რადგან ის სტრატეგიული პროდუქტია და ბევრმა ქვეყანამ აკრძალა ან შეზღუდვა გარეთ გაატარა, ამიტომ ჩვენი დიპლომატიური ძალებით უფრო ვახერხებთ მოძიებას და ვიძენთ კომერციულ ფასად“.
  • შრომის ღირებულება და საწარმოო ხარჯი, 60-70 თეთრი: „გარდა ამისა, ამაში ჩადებულია ჩვენი მკერავების შრომა და ეს შრომა და საწარმოო ხარჯები ასახულია ამ თვითღირებულებაში. კერვა ჯდება საშუალოდ 60-70 თეთრი დღგ-ის ჩათვლით. ძალიან კარგია, რომ პირველი პარტიები მთელმა რიგმა სამკერვალო კომპანიებმა მოგვაწოდეს უფასოდ, ანუ კერვის ღირებულება არ იყო ასახული და ჩვენც უფასოდ დავარიგეთ სხვადასხვა კატეგორიაზე, მათ შორის … პენსიონერებზე, კარანტინში დასაქმებულ ადამიანებთან, პოლიციელებთან და ა.შ.“

„იმისთვის, რომ სისტემურად და ხელმისაწვდომად მივაწოდოთ მოქალაქეებს, ამას ანაზღაურებადი პირობით ვაკეთებთ სამკერვალოებთან. თანაბარი პირობებია ყველასთვის, რა თქმა უნდა… ვასაქმებთ 1000-მდე ადამიანს, ვინც კერავს პირბადეებს. ვაწარმოებთ მანამდე, სანამ ბაზარი არ გაჯერდება“, – განაცხადა მინისტრმა.


ქართული წარმოების დოლბანდის პირბადეებს, რომელიც სააფთიაქო ქსელში გაყიდვაში 8 აპრილს ჩაეშვა, ფეისბუკზე მომხმარებელთა ფართო გამოხმაურება მოჰყვა. მოქალაქეების ნაწილი ეჭვს გამოთქვამს, თუ რამდენად არის ეფექტიანი დოლბანდისგან შეკერილი ეს პირბადე.

აღნიშნულ საკითხზე „ნეტგაზეთი“ დაავადებათა კონტროლის ცენტრს დაუკავშირდა. ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ თავის დროზე განაცხადა, რომ წარმოებული პირბადის სტანდარტები NCDC-სთანაა შეთანხმებული.

პაატა იმნაძემ მოგვწერა, რომ ტექნოლოგია, რომლითაც პირბადეები დამზადდა, აპრობირებულია და წლების გნამავლობაში, სანამ ერთჯერადი ნიღბები შეიქმნებოდა, სპეციალისტები სწორედ ამგვარი პირბადეებით მუშაობდნენ საშიშ ინფექციებზე:

“ასეთი პირბადეებით შავ ჭირზე ვმუშაობდით წლები. ერთჯერადები საერთოდ არ არსებობდა”, – უთხრა პაატა იმნაძემ ნეტგაზეთს და აღნიშნა, რომ ის CDC-ს (აშშ-ის დაავადება კორნტოლისა და პრევენციის ცენტრი) რეკომენდაციებს არ ეწინააღმდეგება.

როგორც დაავადებათა კონტორლის ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ “ნეტგაზეთს” მისწერა, შესაბამისი რეკომენდაციები დაავადებათა კონტროლის ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და ბიოდაცვის დეპარტამენტმა გასცა.

ეკონომიკის მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, საუბარია 400 000 პირბადეზე, რომელიც საქართველოს მასშტაბით გადანაწილდება 4 სააფთიაქო ქსელში: ავერსი, ფარმადეპო, პეესპე და ჯიპისი.

საქართველოში დამზადებული პირბადეების საცალო ღირებულება 50 თეთრი იქნება და ერთ ადამიანს 3 პირბადის შეძენა შეეძლება. ნათია თურნავას თქმით, აღნიშნული პირბადეები მრავალჯერადი გამოყენებისაა. მომხმარებლებმა პირბადე ხელმეორედ გამოყენებამდე უნდა გარეცხოს და დააუთაოს.


აშშ-ის ფედერალური მთავრობის ორგანომ — დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC), რომელიც ქართული NCDC-ის ანალოგია, გამოსცა ახალი რეკომენდაცია, რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცეებში, ანუ გარეთ, მოქალაქეებმა პირბადეები უნდა ატარონ.

CDC-ის ცნობით, უკანასკნელი კვლევების თანახმად, ასიმპტომური (ვინც არის ინფიცირებული COVID-19-ით, მაგრამ სიმპტომებს არ ამჟღავნებს) და პრესიმპტომური (ვინც ცოტა ხნის წინ გამოავლინა სიმპტომები) პაციენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შესაძლოა გაავრცელოს ვირუსი ახლო კონტაქტის (ლაპარაკი, ცემინება, ხველება) მეშვეობით ისე, რომ არც იცოდეს მისი ავადმყოფობის შესახებ.

“ამ ახალ მტკიცებულებაზე დაყრდნობით CDC გასცემს რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა ატარონ ნაჭრის პირბადეები საჯარო სივრცეებში, სადაც რთულია სოციალური დისტანცირების წესების დაცვა, მაგალითად, სურსათის მარკეტებში და აფთიაქებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლებია”, – წერს CDC.

უწყება ხაზს უსვამს, რომ 2 მეტრამდე სოციალური დისტანცირების შენარჩუნება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

CDC დამატებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ატარონ არა სამედიცინო პირბადეები, არამედ სახლის პირობებში ნაჭრებისგან დამზადებული ნიღბები. CDC-ის განცხადებით, სამედიცინო პირბადეები (ქირურგიული და N-95 რესპირატორები) სამედიცინო პერსონალისთვის არის კრიტიკულად საჭირო.

სახლის პირობებში ნაჭრებისგან შეკერილი პირბადეები, CDC-ის თანახმად, გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს, მაგალითად, სარეცხის მანქანაში. პირბადის სახიდან მოხნის დროს და შემდეგ არ უნდა შევეხოთ ცხვირს, პირსა და თვალებს. პირბადის მოხსნის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა ან სანიტაიზერით დამუშავება.

https://batumelebi.netgazeti.ge/news/266964/

მასალების გადაბეჭდვის წესი