შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მიიჩნევს, რომ საგანგებო მდგომარეობის პირობებში მართლმადიდებელი ეკლესია კანონს არ არღვევს და წირვის დროს ეკლესიებში მთავრობის დადგენილებით მოთხვნილი დისტანცია დაცულია.
ჟურნალისტების კითხვაზე, დააჯარიმებს თუ არა სამინისტრო ქვეყანაში მოქმედი კომენდანტის საათის დარღვევითვის მართმადიდებელი ეკლესიის მრევლს, გომელაური მხოლოდ იმას ამბობს, რომ საპატრიარქოსთან შეთანხმდებიან:
“რომ გითხრათ, ამ თემაზე საპატრიაქოსთან შევჯერდით [აღდგომის ღამის წირვაზე], ასე არ ვართ. თუმცა, დარწმუნებული ვარ, შევჯერდებით, რომ კანონი არ დაირღვეს, თან, მორწმუნეები მივიდნენ და ილოცონ. ალბათ შევჯერდებით ისე, რომ კანონს არ დავარღვევთ არც ჩვენ და არც ეკლესია. მინდა ხაზი გავუსვა იმას, რომ საპატრიარქოსთან კარგად ვთანამშრომლობთ, ჩვენ ერთად ვმუშაობთ. მინდა საპატრიარქოს დიდი მადლობა ვუთხრა გვერდში დგომისა და თანამშრომლობითვის.
ჯარიმის საკითხზე არაერთხელ მაქვს პასუხი გაცემული… თუ დაარღვევენ კანონს, დავაჯარიმებთ, მაგრამ ესენი კანონს არ არღვევენ. მერწმუნეთ, ყველაზე კარგად იცავენ, თუნდაც ეკლესიაში დისტანციას. კომენდანტის საათზე თუ იქნება, მაგალითად, 6 საათზე შევიდნენ და აღარ გამოვიდნენ გარეთ… რასაც ჩვენი სასულიერო პირები იძახდნენ… თქვენი აზრით, ეს კანონის დარღვევა იქნება?! ჩვენ საპატრიარქოსთან შევთანხმდებით და თუ შევთანხმდებით, რომ იქნება ასე, ასეც იქნება. თავადაც მოუწოდებენ მეუფეები, რომ დაჯარიმდებით და კანონს ნუ დაარღვევთ. ეს არის ჩემი პასუხი”, – ამბობს გომელაური.
საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები მოუწოდებენ მოსახლეობას, მაქსიმალურად დაიცვან თვითიზოლაციის წესები, რათა თავიდან აიცილონ როგორც კორონავირუსით საკუთარი თავის ინფიცირება, ისე – ამ ვირუსის სხვისთვის გადაცემა.
“მინდა მივმართო მორწმუნე ქრისტიანებს, მინდა მივმართო მრევლს, დავიცვათ ჩვენი დედაეკლესია, დავიცვათ მღვდელთმთავრები ეკლესიაში არმისვლით, სახლში ლოცვით. დავიცვათ არა მარტო ამ ვირუსისგან, არამედ სხვა ვირუსებისგანაც. დავიცვათ ჩვენი ეკლესია, ნუ მიხვალთ ეკლესიაში სალოცავად, ილოცეთ სახლში. ეკლესიის კარი ვერ დაიკეტება. იქ იქნებიან მამაოები, რომლებიც ილოცებენ ჩვენთვის, ჩვენ სახლში ვილოცოთ ერთმანეთისთვის და ჩვენი ქვეყნისთვის”, – განაცხადა პაატა იმნაძემ.