ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

შეწყვიტეთ ჟურნალისტების დევნა – Amnesty ცხინვალს

9 აპრილი, 2020 • 1562
შეწყვიტეთ ჟურნალისტების დევნა – Amnesty ცხინვალს

საერთაშორისო უფლებადამცველი ორგანიზაცია „ამნესტი ინთერნეიშენალი“ (Amnesty International) სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტონ დამოუკიდებელი ჟურნალისტების დევნა და დახურონ სისხლის სამართლის საქმეები თამარა მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ.

თამარ მეარაყიშვილი ახალგორელი სამოქალაქო აქტივისტია, რომელსაც დე ფაქტო ხელისუფლებამ რამდენჯერმე წაუყენა და მოუხსნა ბრალდებები. 2017 წლიდან დღემდე მეარაყიშვილს თავისუფალი გადაადგილება შეზღუდული აქვს და, ფაქტობრივად, შინაპატიმრობაში იმყოფება.

ირინა ქელეხსაევა „ეხო კავკაზას“ (რადიო თავისუფლების რუსულენოვანი პლატფორმა) ფრილანსერი და უნივერსიტეტის ლექტორია და მას სწორედ „ეხო კავკაზაზე“ გამოქვეყნებული მასალის გამო ედავებიან. ამჟამად დე ფაქტო სასამართლოში განიხილება „ცილისწამების საქმე“ ჟურნლისტ ირინა ქელეხსაევას წინააღმდეგ.

8 აპრილს გავრცელებული განცხადებით „ამნესტი“ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო ხელისუფლებას მოუწოდებს, შეწყვიტოს ყველანაირი „კრიმინალური“ გამოძიება მათ წინააღმდეგ. ამასთან:

„დე ფაქტო ხელისუფლებამ თავი უნდა შეიკავოს ამ თუ სხვა კრიტიკოსების მიმართ შურისძიების მიზნით ზომების გამოყენებისაგან და უზრუნველყოს, რომ სამხრეთ ოსეთში/ცხინვალის რეგიონში ნებისმიერმა პირმა ისარგებლოს გამოხატვის თავისუფლების უფლებით, შევიწროების, დაშინების, პირადი თავისუფლების დაკარგვის რისკისა და რეპრესიების შიშის გარეშე“, – აცხადებს ორგანიზაცია.

„ამნესტი“ ასევე წერს, რომ რუსეთის ფედერაციამ, როგორც რეგიონში ფაქტობრივი კონტროლის მქონე სახელმწიფო, და დე ფაქტო ხელისუფლებამ სრულად უნდა ითანამშრომლონ საერთაშორისო უფლებადამცველ ორგანიზაციებთან და აღნიშნულ ტერიტორიაზე დაუშვან საერთაშორისო მონიტორები.


კიდევ ერთი ორგანიზაცია Freedom House-ის 2020 წლის პუბლიკაციის („თავისუფლება მსოფლიოში 2020“) თანახმად, სამხრეთ ოსეთი მსოფლიოში კვლავ ერთ-ერთი ყველაზე არათავისუფალ ადგილად რჩება ჩინეთთან და აზერბაიჯანთან ერთად.

[მართალია, სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის მიმოხილვები ცალკეა გამოყოფილი, თუმცა მითითებულია, რომ საუბარია „ტერიტორიაზე, რომელიც არ არის დამოუკიდებელი სახელმწიფო“].

სამხრეთ ოსეთის მსგავსად, 10 ქულა უწერია აზერბაიჯანს, ჩინეთს, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკას და უზბეკეთს. მათზე დაბალი ქულები არცერთ ქვეყანას/ტერიტორიას არ უწერია.


ვრცლად თამარ მეარაყიშვილისა და ირინა ქელეხსაევას შესახებ:

მეარაყიშვილს ხელახლა წაუყენეს ბრალი

მეარაყიშვილს ხელახლა წაუყენეს ბრალი

მასალების გადაბეჭდვის წესი