ახალი ამბები

კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ინფორმაცია არ მაქვს, რომ ვინმეს რაიმე აიძულეს

8 აპრილი, 2020 • 717
კალაძე ქუთაისის მერის გადადგომაზე: ინფორმაცია არ მაქვს, რომ ვინმეს რაიმე აიძულეს

“ქართული ოცნების” გენერალური მდივანი კახა კალაძე ქუთაისის მერის გადადგომასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ იძულებაზე ინფორმაცია არ აქვს და აღნიშნავს, რომ “ყველა ცვლილება სიტუაციის გაჯანსაღებას უკავშირდება”:

“მე ინფორმაცია არ მაქვს, რომ ვინმეს რამე აიძულეს. ყველა ცვლილება უკავშირდება იმას, რომ სიტუაცია გაჯანსაღდეს. თუ იყო რაიმე პრობლემები სხვადასხვა მიმართულებით, გამოსწორდეს. ახალი ენთუზიაზმით, ახალი სისხლით და შემართებით განხორციელდეს სხვადასხვა სამუშაოები” ,- ამბობს კალაძე.

გიორგი  ჭიღვარიას გადადგომის შესახებ ინფორმაცია ორი დღეა ვრცელდება.

გადადგომის შესახებ ინფორმაცია ჭიღვარიამ საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე გაავრცელა:

“2017 წლის ნოემბერში, ქუთაისელების დიდი ნაწილის გადაწყვეტილებით, მე წილად მხვდა პატივი, გავმხდარიყავი ქუთაისის არჩეული მერი. ეს იყო როგორც უდიდესი ნდობა, ამასთანავე, უზარმაზარი პასუხისმგებლობაც. იმ დღიდან დღემდე, მე და ჩემმა გუნდმა ქალაქში მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი დავიწყეთ და დავასრულეთ, ბევრ მათგანზე ამ რთულ დღეებშიც კი არ შეჩერებულა მუშაობა.

მიუხედავად იმისა, რომ ჩემი საარჩევნო ვადა ჯერ არ ამოწურულა, მივიღე გადაწყვეტილება, დავტოვო ქუთაისის მერის თანამდებობა და წავიდე პოლიტიკიდან. თუმცა მე არ მივდივარ ჩემი ქალაქიდან და ყოველთვის მისი გულშემატკივარი ვიქნები. მინდა მადლობა ვუთხრა ჩემს თანაქალაქელებს გამოცხადებული ნდობისთვის, ჩემს გუნდს – გვერდით დგომისთვის, მედიას- თანამშრომლობისთვის. მშვიდობას და წარმატებას ვუსურვებ ჩემს ქალაქს”, –  წერს გიორგი ჭიღვარია.

ბოლო პერიოდში თანამდებობა უკვე დატოვა 4-მა პირდაპირი წესით არჩეულმა მერმა.

მელაშვილი მერების გადადგომაზე: “ოცნება” არჩევნებისთვის ემზადება

 

მასალების გადაბეჭდვის წესი