საქართველოში გერმანიის საელჩოს პრესსამსახურის ინფორმაციით, გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს დელეგაცია აღმოსავლეთ ევროპისა და სამხრეთ კავკასიის დეპარტამენტის უფროსის, დირკ შათშნაიდერის ხელმძღვანელობით ორმხრივი სამთავრობო მოლაპარაკებების მიზნით თბილისს ეწვევა.
სამთავრობო მოლაპარაკებებისას, რომელიც ყოველ ორ წელიწადში ერთხელ იმართება, განიხილება განვითარების პოლიტიკის სფეროში თანამშრომლობის მიმართულებები და დადგინდება ახალი ფინანსური დახმარების ოდენობა, რომელიც გრანტებისა და სესხის სახით გამოიყოფა.
საელჩოს პრესსამსახურის ცნობით, 2015-2017 წლებისთვის გერმანია სამხრეთ კავკასიის ქვეყნებისთვის, სავარაუდოდ, გაითვალისწინებს დაახლოებით 150 მილიონ ევროს დახმარებას განვითარების პოლიტიკის შემდეგი მიმართულებებისთვის: მდგრადი ეკონომიკური განვითარება, ენერგეტიკა და გარემოს დაცვა და ასევე დემოკრატიის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სამართლებრივი სახელმწიფოებრიობის განვითარება.
განვითარების სფეროში თანამშრომლობის ფარგლებში გერმანიამ 1992 წლიდან საქართველოს 700 მილიონზე მეტი ევრო გამოუყო. ამით გერმანია საქართველოს დონორთა სიაში მეორე ადგილზეა. აღნიშნული დახმარება გამოიყოფა გერმანიის ფედერალურიმ თავრობის კავკასიის ინიციატივის ფარგლებში, რომელსაც გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკი (KfW) და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ)ახორციელებენ.
წელს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ნაწილი დაეთმობა ენერგოუსაფრთოებას, ნარჩენების მართვასა და ბიომრავალფეროვნების დაცვას.