ახალი ამბები

“არ ყოფილა ჩვენი რეკომენდაცია” – გამყრელიძე გლდანის დევნილთა კორპუსის ჩაკეტვაზე

7 აპრილი, 2020 • 2304
“არ ყოფილა ჩვენი რეკომენდაცია” – გამყრელიძე გლდანის დევნილთა კორპუსის ჩაკეტვაზე

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის თქმით, თბილისში, ერთ-ერთი კორპუსში გaტარებული ღონისძიებები, რომლის შედეგადაც, მთავარი არიხის ინფორმაციით, ამ კორპუსის ჩაკეტვა მოხდა, არ ყოფილა დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის მეირ გაცემული რეკომენდაციის შედეგი. ამის შესახებ გამყრელიძემ სპეციალურად გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა:

“როგორც მე ვიცი, რაღაც გაუგებრობა ყოფილა ერთ-ერთ დასახლებულ კორპუსში… ის, რაც ხდება იმ ადგილზე, ეს არ არის დაავადებათა ეროვნული კონტროლის ცენტრის რეკომენდაცია და ამ ადამიანებთან მიმართებაში ზოგადად ვთხოვ ყველას, რომ ვიყოთ ფრთხილად განცხადებების გაკეთებასთან დაკავშირებით. სასურველია, რომ ყველა იმ შემთხვევაში, რაზეც ამ კითხვაშია საუბარი, დევნილებთან მიმართებაში ჩვენ, მთლიანად საქართველოს სამედიცინო საზოგადოება, განსაკუთრებული ყურადღებით ვექცევით ამ ადამიანებს, ვისაც უზარმაზარი ისტორია აქვთ ძალიან მძიმე დევნილობაში ყოფნის. ამიტომ ყველას ვთხოვ, რომ ამ ადამიანებთან მიმართებაში ვიყოთ ფრთხილად.

ის შემთხვევა, რომელზეც მეკითხებით, არ გავშლი მე სპეციალურად, იქ არაფერი საგანგაშო არ ხდება. დიახ, გვაქვს ინფიცირების ფაქტი, მაგრამ არავითარი საშიშროება ე.წ. კლასტერში არ გახლავთ. იქ გატარებული ღონისძიებები არ ყოფილა დაავადებათა ეროვნული კონტოროლის ცენტრის რეკომენდაცია. ჯობია, რომ ამ დროს გავითვალისწინოთ ის რეკომენდაციები, რომელსაც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი იძლევა, რომ მერე არ იყოს საბაბი ამ რეკომენდაციების სხვადასხვანაირი ინტერპრეტაციისა”, – განმარტა გამყრელიძემ ერთ-ერთი ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ.

“გლდანში მდებარე საცხოვრებელი შენობა, რომელშიც დევნილები ცხოვრობენ, კარანტინშია. ამის მიზეზი ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის  COVID-19-ის დიაგნოზის დასმა გახდა”, – აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია “მთავარმა” არხმა გაავრცელა.

როგორც ტელეკომპანია აცხადებს, საცხოვრებელ შენობაში მცხოვრები ერთ-ერთი ოჯახის რამდენიმე წევრისთვის ახალი კორონავირუსის დადასტურების შემდეგ გადაადგილება შეეზღუდათ სხვა ოჯახებს, რომლებიც იმავე შენობაში ცხოვრობენ, ტერიტორიას კი საპატრულო პოლიცია აკრონტროლებს.

ტელეკომპანიასთან საუბარში ადგილობრივები ამბობენ, რომ საკარანტინო რეჟიმში არიან და განსაკუთრებული საჭიროების გარეშე გადაადგილება აქვთ შეზღუდული.

აღნიშნულ საკითხზე ნეტგაზეთი საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს დაუკავშირდა, სადაც დაავადებათა კონტროლის ცენტრთან გადაგვამისამართეს. ცენტრში კი ამბობენ, რომ საკარანტინო ღონისძიებები მათი კომპეტენციის სფერო არაა. ამავე თემაზე ნეტგაზეთი შინაგან საქმეთა სამინისტროსაც დაუკავშირდა, უწყებიდან პასუხის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი