ახალი ამბები

„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

7 აპრილი, 2020 • 761
„ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით 2 პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს იმერეთის, რაჭა-ლეჩხუმისა და ქვემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის იმერეთის სამხარეო სამმართველოს თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, ჭიათურაში ჩატარებული სპეციალური ოპერატიული ღონისძიებების შედეგად, 2 პირი დააკავეს – ინფორმაიციას ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სამინისტროს ცნობით, ბრალდებულებმა მიმდინარე წლის 12 მარტს ჭიათურაში “ქურდული შეკრება” მოაწყვეს და მანგანუმის მადნის მომპოვებელ ერთ-ერთ შპს-ს წარმომადგენელს საწარმოს მოგების 30%-ის გადახდას აიძულებდნენ.

“გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ ბრალდებულები ზეწოლის შედეგად მისაღები თანხის ნაწილს კრიმინალური ავტორიტეტებისათვის განაწილებას აპირებდნენ”, – ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ფაქტებზე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 223-ე პრიმა მუხლის 1-ლი ნაწილით და 223-ე პრიმა-2 მუხლით მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გარდა ამისა, დაკავებულია ჭიათურის რაიონული სამმართველოს ინსპექტორ-გამომძიებელიც, რომელსაც ბრალი ედება საქართველოს სსკ-ის 332-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში, რაც სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენებას გულისხმობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი