ახალი ამბები

Covid 19-ის შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2000-ს შორის იქნება – ცერცვაძე

7 აპრილი, 2020 • 2082
Covid 19-ის შემთხვევათა ჯამური რაოდენობა 1000-სა და 2000-ს შორის იქნება – ცერცვაძე

თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორის, თენგზის ცერცვაძის თქმით, მისი პროგნოზით, საქართველოში კორონავირუსის ჯამური შემთხვევები 2000-ს არ გასცდება.

ცერცვაძემ დღეს, 7 აპრილს, გამართულ ბრიფინგზე თქვა, რომ მიუხედავად შიდა გავრცელებისა, ქვეყანაში ყოველდღიურად 20-ზე მეტი ახალი შემთხვევა არ ფიქსირდება, რაც საკმაოდ ცოტაა. თუმცა, მისი პროგნოზით, შემთხვევათა ოდენობა გაიზრდება.

„ჩემი პროგნოზია, რომ ამ სიტუაციას ბოლომდე ვერ შევინარჩუნებთ. დღეს თუ ორი ათეულია ყოველდღიურად, შემდგომ შეიძლება იყოს 3 ათეული, 4 ათეული, 5 ათეული.. მაგრამ ჩემი მტკიცე პროგნოზია, რომ საქართველოში არ იქნება 100-ზე მეტი შემთხვევა დღეში. ამას ვამბობ ძალიან დიდი დარწმუნებით. ამას დინამიკა აჩვენებს ინფექციის გავრცელების“ ,- ამბობს ცერცვაძე.

ცერცვაძე აცხადებს, რომ ქვეყანაში შიდა გავრცელების ლოკალიზება სწრაფად ხდება, როგორც ეს მარნეულის შემთხვევამ აჩენა.

„საქართველოში, ჩემი ვარაუდით, შემთხვევათა ჯამური რაოდენობა არ გადააჭარბებს 1000-ს ან იქნება 1000-ის ფარგლებში, 1000-სა და 2000-ს შორის.

პიკი, ჩემი პროგნოზით იქნება 2-3 კვირის შემდეგ, ეს პიკი არ იქნება აფეთქება, ეს იქნება მდორე პიკი, რამდენიმე ათეული შემთხვევის მატებით და ეს პიკი შენარჩუნდება 2-3 კვირის მანძილზე. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ, ეპიდემია წავა ქვემოთ“, – განმარტავს ცერცვაძე.


7 აპრილის 18:48 საათის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 195 შემთხვევა დადასტურდა, აქედან გამოჯანმრთელდა 45, ხოლო გარდაიცვალა 3.

ეს ნიშნავს, რომ ქვეყანაში 147 აქტიური პაციენტია ,ანუ ის პირი, ვისაც ვირუსი დაუდასტურდა და ვინც ახლა Covid 19-გან საავადმყოფოებში მკურნალობს.

ამასთანავე, 4708 ადამიანი კარანტინის რეჟიმშია, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 370.

მასალების გადაბეჭდვის წესი