ახალი ამბები

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის

7 აპრილი, 2020 •
სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის

სახალხო დამცველი საკარანტინო სივრცეებში არსებულ მდგომარეობას შეისწავლის. ომბუდსმენის აპარატის ინფორმაციით, შეიწავლიან არა მხოლოდ საკარანტინო სივრცეებში არსებულ პირობებს, არამედ ჯანდაცვის სერვისების, მათ შორის, ფსიქოლოგიური დახმარების უზრუნველყოფის საკითხებს.

“პრევენციის ეროვნული მექანიზმის ფარგლებში, გვსურს შევისწავლოთ საკარანტინო სივრცეების პირობები, ჯანდაცვის სერვისის (მათ შორის, ფსიქოლოგიური) უზრუნველყოფის საკითხი, ადამიანის უფლებების დაცვის ზოგადი სტანდარტები, მოწყვლად ჯგუფთა საჭიროებები და სხვა მნიშვნელოვანი გარანტიების პრაქტიკაში რეალიზაცია. მონიტორინგის მიზანია ინდივიდუალური საჭიროებების დროული გამოვლენა და სახელმწიფო უწყებებისთვის ინფორმაციის მიწოდება საკითხის გამოსასწორებლად”, – აცხადებს ომბუდსმენი.

სახალხო დამცველი მოუწოდებს მოქალაქეებს, თუ ისინი ან მათი ახლობლები იმყოფებიან საკარანტინო სივრცეებში და აქვთ სურვილი, ინფორმაცია მიაწოდონ ომბუდსმენს ამ საკითხებთან დაკავშირებით, მის ოფისს მიაწოდონ საკონტაქტო ინფორმაცია დასაკავშირებლად. ომბუდსმენის წარმომადგენლებთან გასაუბრება კონფიდენციალურია.

stopcov.ge-ის ინფორმაციით, 7 აპრილის 10:53 საათისთვის კარანტინის რეჟიმში 4 708 ადამიანი იმყოფება. ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 195 დადასტურებული შემთხვევაა, აქედან 39 ადამიანი გამოჯანმრთელდა, 2 კი გარდაიცვალა. 

სახალხო დამცველის წარმომადგენელს დაუკავშირდით ტელეფონის ნომერზე:  591 90 33 22 – ხატია ხელაძე/ელ-ფოსტა: khkheladze@ombudsman.ge; info@ombudsman.ge

მასალების გადაბეჭდვის წესი