ახალი ამბები

პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს, 6 მძიმედაა, 1 კრიტიკულია — ენდელაძე

6 აპრილი, 2020 • 843
პაციენტების 2/3-ს პნევმონია აქვს, 6 მძიმედაა, 1 კრიტიკულია — ენდელაძე

ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საავადამყოფოში მოთავსებული 38 პაციენტიდან „ორ-მესამედს მაინც აქვს ფილტვების ანთება, 6 მძიმედაა, 1 კრიტიკულია“.

გარდა ამისა, ენდელაძემ განაცხადა, რომ პირველ პერიოდთან შედარებით, უფრო მეტია ხანდაზმული, 60 წელს გადაცილებული პაციენტების რაოდენობა — „ყველა ასაკის არის, მაგრამ ცოტა უფრო ხანდაზმული, 60 წელს გადაცილებულები უფრო მეტნი არიან, ვიდრე პირველ პერიოდში, ამიტომ სიმძიმემაც შედარებით მოიმატა“.

კრიტიკულ მდგომარეობაში მყოფ პაციენტებზე საუბრისას ენდელაძემ განაცხადა: „კრიტიკული არის, მართვითი სუნთქვა არა, მაგრამ კრიტიკული პაციენტები არიან და ველოდებით, რომ შეიძლება [მართვით სუნთქვაზე] ჩასართავი გახდეს, მაგრამ ასაკის და გვერდითი მოვლენების გამო გარკვეულწილად ვერიდებით.“ ასევე, აღნიშნა, რომ პაციენტებს ქრონიკული დაავადებებიც აღენიშნებათ.

თუმცა, ენდელაძის თქმით, ინფექციურ საავადმყოფოში არიან კორონავირუსით დაავადებული პაციენტები, რომელთა გამოჯანმრთელებასაც და გაწერას ამ დღეებში ელიან.

გარდა ამისა, ენდელაძის განცხადებით, ამჟამად კორონავირუსზე აღებულ ტესტებზე ელოდებიან პასუხს, რომელიც დღის ბოლოში გახდება ცნობილი.


საქართველოში ამჟამად კორონავირუსით 188 დაავადებულის შესახებაა ცნობილი. აქედან გამოჯანმრთელდა 39, ხოლო 2 გარდაიცვალა.

მასალების გადაბეჭდვის წესი