ჩინეთის ტურისტულ ობიექტებზე, მთავრობის მიერ დაწესებული შეზღუდვების მოხსნის შემდეგ, ხალხმრავლობაა. ხელისუფლებისა და ექსპერტების განცხადებით კი, ეს შეიძლება რისკს შეიცავდეს, რადგანაც კორონავირუსის პანდემია ჯერჯერობით დასრულებული არ არის, იუწყება CNN.
როგორც CNN წერს, ჰუანშანის მთის პარკში 4 აპრილს გადაღებულ ფოტოებზე ჩანს, რომ ათასობით ადამიანი ერთმანეთთან ახლოს იმყოფება, ბევრ მათგანს კი პირბადე უკეთია.
გარდა ამისა, ტელეარხის ცნობით, ჩინურმა სახელმწიფო მედიასაშუალება Global Times-მა გაავრცელა ინფორმაცია, რომ პარკში მოხვედრის მსურველი იმდენი იყო, რომ ადგილობრივი დროით დილის 7 საათსა და 48 წუთზე ხელისუფლებამ განაცხადა, რომ პარკმა მიაღწია დღიურ ლიმიტს — 20 000 სტუმარს -და იქ შესვლა იმ დღეს აღარ შეიძლებოდა.
ჩინეთში, საიდანაც კორონავირუსი თავდაპირველად გავრცელდა და პიკის დროს ათასობით შემთხვევა ფიქსირდებოდა, ამჟამად ეპიდემიის გავრცელებამ საკმაოდ იკლო. ორშაბათის ჩინეთმა განაცხადა ვირუსის მხოლოდ 39 ახალ შემთხვევაზე, რომელთაგანაც ყველა, ერთის გარდა, უცხოეთიდან ჩამოსულ ადამიანს ჰქონდა.
ვირუსის გავრცელების კლებასთან ერთად, ჩინეთში მოხსნეს ან შეარბილეს ადრე დაწესებული შეზღუდვებიც.
გარეკანის ფოტო: CNN