ახალი ამბებიკომენტარი

კედელი უნდა მოვანგრიო

6 აპრილი, 2020 • 2507
კედელი უნდა მოვანგრიო
საქართველოს ღია საზოგადოების ფონდი წარმოგიდგენთ ბლოგპოსტების სერიას „უსახლკარობა-საერთო საზრუნავი“, რომელშიც სხვადასხვა პროფესიისა და შემოსავლის მქონე ადამიანები საცხოვრებლის პრობლემის შესახებ მოგითხრობენ. ამ ისტორიებს „ნეტგაზეთიც“ შემოგთავაზებთ. პროექტის შესახებ მეტი გაიგეთ აქ. 

ავტორი: ნუკრი ტაბიძე, გენდერის კვლევის მაგისტრი

ბებიაჩემს კედლის მონგრევა უნდა. რომ მოვკვდები, კუბოს ირგვლივ ადგილი უნდა მქონდესო. თავს ვერ პატიობს, ბაბუაჩემის პანაშვიდზე კუბოსთვის წრის დარტყმის საშუალება რომ არ იყო. რატომ არ მოვანგრიეო კედელი, როცა კედლები შევღებეთო. სიკვდილისთვის მზადება ჩემი ოჯახის ახალი თავსატეხი გახდა. მანამდე გაზკანტორის შენობის და პოლიკლინიკის ბოლო სართულის საცხოვრებლად გადაკეთება იყო ყველაზე მნიშვნელოვანი ამოცანა. სიცოცხლის პრობლემა სიკვდილის პრობლემად მაშინ გადაიქცა, როცა ყველამ დაბრუნების იმედი დაკარგა.

ბებიაც პოლიკლინიკის შენობიდან გავასვენეთ. მამაჩემმა და მამიდაჩემმა საფლავზე ყვავილები დარგეს, ბებიასაც და ბაბუასაც, პირველ რიგში, საფლავის ქვები და მარმარილოს ღობეები გაუკეთეს. სახლი ვერ და საფლავი მაინც მოვუწყოთო. ბებიაჩემი მთელი ცხოვრება სახლს არემონტებდა ოჩამჩირეში. პოლიკლინიკის მე-4 სართულზე, ერთ ოთახში, მამიდაჩემთან ერთად გაატარა სიცოცხლის ბოლო 26 წელი. სად მოკვდები, თითქმის ისეთივე მნიშვნელოვანი ყოფილა, როგორც – სად იცოცხლებ.

„შემდეგი წელი სოხუმში“, „შემდეგი დაბადების დღე ოჩამჩირეში“, „შემდეგი აღდგომა ჩვენს სახლში“ – მთელი ბავშვობა ამ იმედით ვცხოვრობდით. 1990-იანებში იმდენ სხვადასხვა, ცხოვრებისთვის გამოუსადეგარ შენობაში აღმოვჩნდით, მამაჩემმა პატარა სია გააკეთა. ხუმრობდა: „საავადმყოფო, სასტუმრო, ბაღი. აი, ერთი პოლიციის შენობაში არ გვიცხოვრიაო.“ არადა, ერთი შეხედვით, ქვეყანა ხომ წინ მიდიოდა. დაბრუნების სადღეგრძელოები ჩემს ოჯახში როდის გაქრა, ზუსტად ვერ გეტყვით. ჩემმა მშობლებმა ნათესავების და მეგობრების დახმარებით პატარა სახლი იყიდეს და ალბათ ეს იყო პირველი ნიშანი. ახლა ეს ალიზით აშენებული ნესტის და შავი სოკოს ბუდე უნდა ექციათ სახლად. მე მაინც ძალიან მიხაროდა. “თქვენ რა იცითო”, – იმეორებდნენ დედაჩემი და მამაჩემი, – „არასდროს გიცხოვრიათ სახლში და არ იცით, რას ნიშნავსო საკუთარ სახლში ცხოვრება“. მაშინ უკვე ვხვდებოდით მე და ჩემი ძმა, რომ სახლში მარტო შენობა არ იგულისხმებოდა, მაგრამ ჩვენთვის სახლი მაინც 4 კედელი და ჭერი იყო, რომელიც, წინა საცხოვრებლისგან განსხვავებით, არ წვეთავდა, არც მორიელები გვემუქრებოდა, არც მეზობლის მონაგავებული ტუალეტის წმენდა მოუწევდა დედას.

ასე დამთავრდა 12 წლიდან ჩვენი მომთაბარეობა, მაგრამ მოხუცები ისევ შესახლებულ კომუნებში დარჩნენ. ნელ-ნელა ამ ე.წ. შესახლებულებში სიკვდილიც გადავიდა. წლიდან წლამდე გასვენებების რაოდენობამ იმატა. ის თაობა, რომელსაც დაბრუნების ყველაზე მეტი სურვილი და საჭიროება ჰქონდა, ხელიდან გვეცლებოდა. დაბრუნება ბინებით დაკმაყოფილების იმედად იქცა. თუმცა აღმოჩნდა, რომ დაკმაყოფილებაც მხოლოდ ნაცნობობით, ნეპოტიზმით და ქრთამითაა შესაძლებელი. „აბა, როდემდე იქნება ასე?“ კითხულობს დედაჩემი, როცა ჩემი ძმის, მისი ცოლის და მათი ახლად ჩასახული ბავშვის ბედზე მიდგება საქმე. „დააკმაყოფილებენ, აბა, რას იზამენ. თუ არადა, არ ყოფილა საშველი“.

თუ ბავშვობაში ლტოლვილი ვიყავი, ზრდასრულობაში მდგმური გავხდი. ლტოლვილს და მდგმურს შორის ჩემი მაშინდელი და ახლანდელი მეზობლებისთვის ის განსხვავება აღმოვაჩინე, რომ პირველი- ომის უსამართლობას ახსენებენ და ზიზღსა და სიბრალულს შორის მერყეობენ, მათ სივრცეში შეჭრაში გადანაშაულებენ, მაგრამ თან სხვა შემოთავაზებაც არ აქვთ. მეორე ბევრად საძულველია – მდგმურის სიღარიბე და ამ სიღარიბიდან გაქცევის მცდელობაა ერთდროულად. მცდელობა, რომელიც სახლის მქონე თბილისელისთვის კარგად არ დასრულებულა. უამრავი ადამიანი ბანკის ვალმა მდგმურად აქცია. მდგმური ზუსტად ამ უსაფრთხოებას ურღვევს მფლობელს. ლტოლვილობისგან განსხვავებით, მდგმურად ყოფნა არჩევნად აღიქმება და გამოსავალიც „მარტივია“ – დაეტიე, სადაც დაიბადე.

როგორც ლტოლვილის, ისე მდგმურის შემთხვევაში, ის, ვინც არ ფლობს, ყველა უბედურების გადასაბრალებლად ადვილი სამიზნეა. სიბინძურე, გაჭედილი მილი, ჩამოვარდნილი კარი, მკვდარი ვირთხა, გაციებული მეზობლის ბავშვი, გაფუჭებული ლიფტი, ხმაური, საზოგადოებრივი მორალის შერყვნა – ყველაფერი იმის ბრალია, ვისაც ნაკლები აქვს. ქალი თუ ხარ და მდგმურად ცხოვრობ, ბოზიც იქნები. კაცის კაცობა კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას – ის სხვა კაცებთან შედარებით დამარცხებულია. კერძო საკუთრების ირგვლივ მოშენებული მთელი სოციალური იერარქია ისეა მოწყობილი, რომ სახლის ქონა ეკონომიკურ უპირატესობასთან ერთად ქალაქზე/სივრცეზე უფლებად ითარგმნება. გვაჯერებენ, რომ ამ სოციალურ კიბეზე ასასვლელად ყველა მშრომელ ადამიანს შეუძლია დაწინაურება. ეს ხდება პირობებში, სადაც 1990-იანებიდან მოყოლებული უამრავმა ადამიანმა შეჩერებული მშენებლობის გამო დაკარგა თავშესაფრის იმედი, ბოლო 20 წლის მანძილზე კი კომერციული ბანკების გამოსახლებების მსხვერპლი გახდა. ამ უბედურებაში თითქოს ყველა ერთად ვართ, არა? მაგრამ მაინც სხვადასხვანაირად.

ბევრჯერ მიფიქრია, რა გამოსავალი შეიძლება მენახა ჩემი ოჯახის წევრებისთვის საცხოვრებლის საპოვნელად. ბინით დაკმაყოფილება ისეთ სოციალურ კონტაქტებს მოითხოვს, რომლებიც არ მაქვს. რომ მქონდეს, ალბათ ამ ბლოგის წერას არ დავიწყებდი და მეც იმ ადამიანებს შევუერთდებოდი, ვინც ნაცნობობით და ჩაწყობით  იშოვა თავშესაფარი. ამ ადამიანების განკითხვა ძალიან მიჭირს იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ სისტემაში, რომელიც ისედაც უსამართლოა და არანაირი ერთიანი გადანაწილების გეგმა, პოლიტიკა და სურვილი არ აქვს, ძნელია ერთ მუშტად გაერთიანება და სახელმწიფო ინსტიტუტების კორუფციასთან ბრძოლა. მით უმეტეს, როცა, როგორც დევნილს, საზოგადოების დახმარების იმედი ნაკლებად გაქვს. დირსის შენობაში შესული დევნილებისადმი თანაგრძნობის ნაკლებობა, პოლიციის სისასტიკე და სხვა მაცხოვრებლების აგრესია ამის ნათელი მაგალითია. ამის მიუხედავად, ბევრჯერ ვეცადე მეპოვა ადამიანები, ვინც ამ კორუფციაზე ისაუბრებდა, ან მე თვითონ ჩამეტარებინა გამოძიება, მაგრამ უშედეგოდ. ყველამ ყველაფერი იცის, მაგრამ შესაბამისი რესურსების გარეშე ამ სისტემის მხილება შეუძლებელია.

გარდა იმისა, რომ სახელმწიფო სრულიად გაურკვეველი და ხშირად კორუფციული სქემით აკმაყოფილებს საცხოვრებლით ან გარკვეული თანხით, სხვადასხვა სტრატეგიული მნიშვნელობის შენობებში შესახლებულთა ბედი ინვესტორის ინტერესზეა მიბმული. ბიზნესი უნდა დაინტერესდეს შენობით და მოლაპარაკებები მხოლოდ მერე იწყება. ეს გარიგება ბიზნესმენისთვის მოგების და ახალი ინვესტიციის შესაძლებლობაა, მაშინ როცა მეორე მხარეს ადამიანების ღირსეული ცხოვრების შესაძლებლობები დგას.

საქართველოში გაფართოებული ოჯახის იმედად დატოვებული ადამიანები, განსაკუთრებით მოხუცები, რომლებიც წლებია მსგავს კომუნებში ცხოვრობენ, ერთმანეთზე ისე არიან გადაჯაჭვული, რომ დაკმაყოფილებაც მექანიკური გამოსახლება-შესახლება ვერ იქნება. ომის შემდეგ ხსნის ერთადერთი შესაძლებლობა ზუსტად კოლექტიური ცხოვრება და გადარჩენა იყო. როგორც ფინანსურად, ისე ემოციურად კომპაქტური დასახლებები ოჯახების ერთობებად იქცა. პირადის და ინდივიდუალურის დათმობის ხარჯზე ეს ერთობები როგორღაც აქამდე მოვიდა. ბრძოლას თავისი უთქმელი გმირები ჰყავს, მაგალითად, ბებიაჩემის და მამიდაჩემის სახით, რომლებმაც ყველაფერი გაიღეს იმისთვის, რომ მე და ჩემს ძმას განათლების შესაძლებლობა გვქონოდა. შემთხვევითი არაა, რომ ამ გმირების უმრავლესობა ქალია. ისიც არაა შემთხვევითი, რომ მათი არსებობა თვითონ ოჯახებშიც ხშირად დაუფასებელია. ამიტომ არის მნიშვნელოვანი, მოხუცებისთვის საცხოვრებლის უფლება უფრო ფართო ჭრილში დავინახოთ.

არაერთ შეხვედრაზე მომისმენია ფრაზა – დევნილების ინტეგრაცია. შემდგომ- სახელმწიფოს კრიტიკა ამ ინტეგრაციის ცუდად შესრულებისთვის. შემდგომ -თვითონ დევნილების კრიტიკა ამ ჯადოსნური ინტეგრაციისადმი წინააღმდეგობისთვის. ამ კრიტიკის ავტორებს კომპაქტური დასახლებები მხოლოდ ფოტოებზე ან ენჯეო ვიზიტებზე უნახავს. დევნილობა მათთვის გაუგებარ მეგრული ენად, ომის ტრავმად და რაღაც ეგზოტიკურ ეთნიკურად მონიშნულ სხეულებზე მიბმულ პრობლემად ესახებათ. დევნილებისთვის საცხოვრისის უფლება და მასთან დაკავშირებული სოციალური და ემოციური უსამართლობა უფრო მეტია, ვიდრე ინტეგრაციის პრობლემა. დევნილებს არ სჭირდებათ ინტეგრაცია! ჩვენ ისედაც კარგად ვიცით ცენტრის კულტურული ნორმები და კოდები. ამიტომ გვეკითხებიან ხშირად: უი, დევნილი ხარ? არ გეტყობა! არ მეტყობა, იმიტომ, რომ დევნილის მთავარი განმასხვავებელი გაწყვეტილი ცხოვრება და საცხოვრებლისთვის გამოვლილი ბრძოლაა. ამ ბრძოლაში ზოგი ჩვენგანი გაიმარჯვებს, მაგრამ უმრავლესობა დამარცხდება. ამიტომ, თუ ვინმეს ომი, აფხაზეთი, პლაჟი, ოკუპაცია, ტერიტორიები, დევნილები და სხვა ემოციურად დატვირთული სიტყვების ერთად დალაგება უნდა, ზუსტად ამ საცხოვრებლისთვის ბრძოლაში უნდა შემოგვიერთდეს.

მანამდე კიდევ იმის იმედი მაქვს, რომ, ბებიაჩემს რომ ნერვებს უშლის და ერცხვინება, იმ კედელს მოვანრევ.

მასალების გადაბეჭდვის წესი