ახალი ამბები

ეროვნულ ბანკში ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

6 აპრილი, 2020 • 1150
ეროვნულ ბანკში ინფიცირებულ თანამშრომელთა რაოდენობა 16-მდე გაიზარდა

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, მათ 16 თანამშრომელს კორონავირუსი დაუდასტურდათ. სებ-ის განცხადების თანახმად, მას შემდეგ, რაც თავდაპირველად ვირუსი ბანკის შვიდ თანამშრომელს დაუდგინდა, მათთან კონტაქტში მყოფი სხვა პირებიც შეამოწმეს ვირსუზე. ცენტრალური ბანკის ცნობითვე, დადასტურებულ შემთხვევებთან კონტაქტში მყოფი პირები ამ ეტაპზე თვითიზოლაციის რეჟიმში არიან.

“როგორც ცნობილია, გასულ კვირას ეროვნული ბანკის 7 თანამშრომელს კოვიდ-19-ით ინფიცირება დაუდასტურდა, დაუყოვნებლივ მოხდა აღნიშნულ პირებთან კონტაქტში მყოფი სხვა თანამშრომლების სიმპტომების კვლევა და ტესტირება.  დღევანდელი მონაცემებით, ინფიცირებულთა  რაოდენობა 16-ია. ამჟამად კოვიდ-19 ვირუსის მქონე თანამშრომელი შესაბამის სტაციონარში ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ გადის მკურნალობას. მათი მდგომარეობა ამ ეტაპზე დამაკმაყოფილებელია. ის თანამშრომლები, ვისაც შემხებლობა ჰქონდათ დაინფიცირებულ კოლეგებთან, სრულ იზოლაციაში იმყოფებიან და მათზე დაკვირვება მიმდინარეობს. სასიხარულოა, რომ  რამდენიმე მათგანს ტესტირების შედეგად კორონავირუსი არ დაუდასტურდა. კვლავ გრძელდება ეპიდემიოლოგიური კვლევა ინფიცირებული თანამშრომლების ყველა შესაძლო კონტაქტის დადგენა-გამოვლენის მიზნით”,-აცხადებენ სებ-ში.

ეროვნული ბანკის ცნობითვე, ამჟამად თანამშრომელთა 90% დისტანციურად მუშაობს, ბანკის შენობაში კი სადეზინფექციო და დასუფთავების სამუშაოები მიმდინარეობს. “ეროვნული ბანკი სრულყოფილად და შეუფერხებლად ასრულებს თავის ამოცანებს: ბანკებს მიეწოდებათ სათანადო რაოდენობის ფულის ნიშნები, საფინანსო სექტორი აგრძელებს გამართულ ფუნქციონირებას”.

6 აპრილის 18:40 საათისთვის საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულთა 188 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელებულია 39 ადამიანი, 2 კი- გარდაცვლილი. კარანტინის რეჟიმშია 5056 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი 386 ადამიანი იმყოფება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი