ახალი ამბები

ჩერნობილის მახლობლად ტყის ხანძრის შემდეგ რადიაცია დასაშვებზე 16-ჯერ გაიზარდა

6 აპრილი, 2020 • 3232
ჩერნობილის მახლობლად ტყის ხანძრის შემდეგ რადიაცია დასაშვებზე 16-ჯერ გაიზარდა

უკრაინაში, ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად, რადიაციის დონე დასაშვებზე 16-ჯერ მეტად გაიზარდა მას შემდეგ, რაც შეზღუდული ზონის მიმდებარედ ტყის ხანძარი გაჩნდა.

როგორც “გარდიანი” უკრაინის ეკოლოგიური ინსპექციის სამსახურის ხელმძღვანელზე დაყრობით წერს, ხანძრის ეპიცენტრში რადიაცია დასაშვებ ნორმას 16-ჯერ აღემატება.

ხანძარი ჩერნობილის ატომური სადგურის მახლობლად თავდაპირველად 4 აპრილს 20 ჰექტარზე გავრცელდა, შემდეგ კი 100 ჰექტარი ტერიტორია მოიცვა. როგორც  “გარდიანი” წერს, 5 აპრილის დილას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ეწერა, რომ რადიაციის მატება არ შეინიშნებოდა და ცეცხლის ღია კერები არ ყოფილა.

თუმცა მოგვიანებით აღნიშნეს, რომ რადიაციის მატება ზოგ ადგილზე ხანძართან ბრძოლას ართულებს. განცხადებაში ასევე ნათქვამი იყო, რომ მახლობლად მცხოვრები ადამიანების სიცოცხლეს და ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

1986 წლის 26 აპრილს ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქება მოხდა, რეაქტორზე მომუშავე 2 სპეციალისტი ადგილზევე დაიღუპა, სალიკვიდაციო სამუშაოებში მონაწილე ათასობით ადამიანმა კი რადიაციული დასხივება სასიკვდილო დოზით მიიღო, რის გამოც მსხვერპლი შემდეგ პერიოდში მნიშვნელოვნად გაიზარდა. რეაქტორის გარშემო 30 –კილომენტრიანი პერიმეტრი კატასტროფის ზონად გამოცხადდა, მიმდებარე სოფლებიდან და ქალაქ პრიპიატიდან 200 ათასზე მეტი ადამიანი სასწრაფო ევაკუაციის წესით გაიყვანეს. რადიაციული ღრუბელი გავრცელდა ევროპის ქვეყნებშიც, რადიაციული ფონის მომატება შეინიშნებოდა დასავლეთ საქართველოში, შავი ზღვის სანაპირო ზოლში.

მასალების გადაბეჭდვის წესი