ახალი ამბები

დღეს ვიწყებთ, დრო დასჭირდება — თურნავა ბიზნესების შემოწმებაზე

6 აპრილი, 2020 • 948
დღეს ვიწყებთ, დრო დასჭირდება — თურნავა ბიზნესების შემოწმებაზე

ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა აცხადებს, რომ დღეიდან, 6 აპრილიდან სახელმწიფო იწყებს ბიზნესების შემოწმებას, თუ რამდენად იცავენ სამუშაო ადგილებზე უსაფრთხოების წესებსა და ჯანდაცვის მითითებებს.

მინისტრის თანახმად, პირველ რიგში, შემოწმდებიან იმ საწარმოები, რომლებსაც უკვე აქვთ ფუნქციონირების უფლება, პარალელურად კი დაიწყება იმ ბიზნესების შემოწმებაც, ვისაც დროებით შეუჩერდა საქმიანობა.

„ვამოწმებთ, თუ როგორ სრულდება ან შესრულდება სამედიცინო სექტორის რეკომენდაციები, რაც შეეხება დასაქმებულების უსაფრთხოებას“, – განაცხადა თურნავამ 6 აპრილს მთავრობის კანცელარიაში ბრიფინგზე.

მისი თქმითვე, სახელმწიფო უწყებები გაერთიანებული ძალებით დღეში დაახლეობით 50-მდე საწარმოს შეამოწმებენ. ეს სახელმწიფო უწყებებია:

  • შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტი (ჯანდაცვისა და შრომის სამინისტროს დაქვემდებარებაში);
  • ტექნიკური ზედამხედველობის სააგენტო (ეკონომიკის სამინისტრო);
  • მუნიციპალური ინსპექციები;

მინისტრის თქმით, სამინისტროში ასობით აპლიკაცია შევიდა, რომლითაც საწარმოები საქმიანობის განახლების უფლებას ითხოვენ. „აქტიურობს ბიზნესი, დროულად უნდათ, რომ მუშაობის ჩვეულ რიტმს დაუბრუნდნენ. მერწმუნეთ, ჩვენც იგივე გვინდა“, – თქვა მან. მინისტრის თანახმად, „ძალიან აქტიურობს სამშენებლო და საშენ მასალათა სექტორი“.

„ამას გარკვეული დრო დასჭირდება, შევეგუოთ ამას“, – განაცხადა მან. თურნავამ ასევე თქვა, რომ „დრო სჭირდებათ თვითონ კომპანიებს და ბიზნესებს, რომ ნამდვილად სიღრმისეულად გადაეწყონ უსაფრთხო ბიზნესის საქმიანობის წესებზე“.

„ეს არის ინვესტიცია, რომელიც თქვენ არ დაგეკარგებათ, რადგან ეს იქცევა სამომავლოდ ცხოვრების წესად. ეს რამდენიმე დღე თუ კვირა გამოიყენეთ იმისთვის, რომ მართლაც წარმატებით გაიაროთ შემოწმების ეს პროცესი და შევძლოთ მშვიდად მოგცეთ საქმიანობის გაგრძელების უფლება“, – თქვა მან.

ეკონომიკის მინისტრის თანახმადვე, პერიოდულად გააშუქებენ კიდეც, რომელი საწარმო როგორ ასრულებს ვალდებულებებს.

„თუკი რამე გამოგვეპარება, თვითონ დასაქმებულები იქნებიან მთავარი ინდიკატორი; თვითონ ცხელ ხაზზე მოგვახსენებენ, თუკი რომელიმე საწარმო აღრვევს რომელიმე გაიდლანს და სწრაფად მოვახდენთ რეაგირებას“, – განაცხადა მან.

„ჩვენი მიზანი არის არა დასჯა, — თუმცა ჯარიმებს და საქმიანობის შეჩერებას ითვალისწინებს ჩვენი კანონდებლობა დღეს, — არამედ ბიზნესების დახმარება, რომ რაც შეიძლება სწრაფად გადაეწყონ პოსტკორონავირუსის ეტაპზე“.

მასალების გადაბეჭდვის წესი