ახალი ამბები

გახარია: OECD-მა ჩვენი დისტანციური განათლების მოდელი ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა

6 აპრილი, 2020 • 1178
გახარია: OECD-მა  ჩვენი დისტანციური განათლების მოდელი ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა

საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი გახარიას თქმით, საერთაშორისო ორგანიზაცია OECD-მა საქართველოში დანერგილი დისტანციური სწავლების მოდელი მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესოდ შეაფასა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, ორგანიზაციამ განსაკუთრებით გამოყო ტელესკოლის პროექტი, რომლის ფარგლებში სატელევიზიო გადაცემები საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გადის:

“მოგეხსენებათ, ერთ-ერთ ანგარიშში ეკონომიკური განვითარებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (OECD) გამოაცხადა, რომ დისტანციური განათლების მოდელი, რომელიც საქართველოში იყო დანერგილი ბოლო ერთი თვის განმავლობაში, არის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მსოფლიოში. ამისთვის მინდა მადლობა გადავუხადო განათლების სამინისტროს. ხაზგასმით გამოყოფილი იყო ტელესკოლის პროექტი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული” ,- თქვა გიორგი გახარიამ.

საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ აღნიშნულ საკითხზე კომენტარი განათლების მინისტრმა, მიხეილ ჩხენკელმაც გააკეთა. ჩხენკელის თქმით, პროექტი მნიშვნელოვანია ხელმისაწვდომობის მხრივ, რამდენადაც ტელესკოლით სარგებლობა ყველას შეუძლია, მიუხედავად იმისა, აქვს თუ არა წვდომა ინტერნეტთან.

“განათლების მიმართულებით საქართველო შეფასებულია როგორც ერთ-ერთი საუკეთესო ქვეყანა მსოფლიოში. ამ დოკუმენტში დეტალურადაა განხილული ყველა ის ღონისძიება, რაც გატარებულია საქართველოში განათლების სამინისტროს მიერ და განსაკუთრებით არის გამოყოფილი ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელსაც განათლების სამინისტრო ახორციელებს საქართველოს პირველ არხთან ერთად. პროექტი ტელესკოლა, რომელიც გარანტიას იძლევა ხელმისაწვდომობის, რადგანაც ეს პროექტი განკუთვნილია ყველასთვის განურჩევლად იმისა, აქვთ თუ არა ჩვენს მოსწავლეებს წვდომა ინტერნეტთან. ამ დოკუმენტში დეტალურად არის განხილული სხვა ღონისძიებებიც დისტანციური სწავლების”, – ამბობს მიხეილ ჩხენკელი.

ჩხენკელი აღნიშნავს, რომ ეს პროექტი დაეხმარება განათლების სისტემას, სასწავლო პროეცესი არ შეწყდეს და სემესტრი დასრულდეს:

“კერძოდ, ეს გახლავთ ის პროგრამები, რომელიც სკოლების მიერ არის გამოყენებული დისტანციური სწავლებისთვის როგორც ინლაინ, ისე ოფლაინ რეჟიმში. მაიკროსოფტის პროდუქტები, რომელსაც ჩვენი სკოლები აქტიურად იყენებენ, ასევე, სხვა საკომუნიკაციო პლატფორმებიც, და მე მინდა ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც ენთუზიაზმით არიან ჩართულნი დისტანციური სწავლების განხორციელებაში. ყოველივე ეს ჩვენ საშუალებას გვაძლევს ვთქვათ, რომ ეს სემესტრი აუცილებლად შედგება და არცერთ შემთხვევაში არ ჩავარდება” ,- აცხადეს განათლების მინისტრი.

მასალების გადაბეჭდვის წესი