ახალი ამბები

აშშ-ში გარეთ ნაჭრის პირბადეების ტარებას უკვე ყველას ურჩევენ

4 აპრილი, 2020 • 1451
აშშ-ში გარეთ ნაჭრის პირბადეების ტარებას უკვე ყველას ურჩევენ

აშშ-ის ფედერალური მთავრობის ორგანომ — დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრმა (CDC), რომელიც ქართული NCDC-ის ანალოგია, გამოსცა ახალი რეკომენდაცია რომლის მიხედვითაც საჯარო სივრცეებში ანუ გარეთ, მოქალაქეებმა პირბადეები უნდა ატარონ.

CDC-ის ცნობით, უკანასკნელი კვლევების თანახმად ასიმპტომური (ვინც არის ინფიცირებული COVID-19-ით, მაგრამ სიმპტომებს არ ამჟღავნებს) და პრესიმპტომური (ვინც ცოტა ხნის წინ გამოავლინა სიმპტომები) პაციენტების მნიშვნელოვანმა ნაწილმა შესაძლოა გაავრცელოს ვირუსი ახლო კონტაქტის (ლაპარაკი, ცემინება, ხველება) მეშვეობით ისე, რომ არც იცოდეს მისი ავადმყოფობის შესახებ.

“ამ ახალ მტკიცებულებაზე დაყრდნობით CDC გასცემს რეკომენდაციას, რომ ადამიანებმა ატარონ ნაჭრის პირბადეები საჯარო სივრცეებში, სადაც რთულია სოციალური დისტანცირების წესების დაცვა, მაგალითად სურსათის მარკეტებში და აფთიაქებში, განსაკუთრებით იმ ადგილებში, სადაც ვირუსის გავრცელების მაღალი მაჩვენებლებია”, – წერს CDC.

უწყება ხაზს უსვამს, რომ 2 მეტრამდე სოციალური დისტანცირების შენარჩუნება ვირუსის გავრცელების წინააღმდეგ მნიშვნელოვან ფაქტორად რჩება.

CDC დამატებით მოუწოდებს მოსახლეობას, რომ ატარონ არა სამედიცინო პირბადეები, არამედ სახლის პირობებში, ნაჭრებისგან დამზადებული ნიღბები. CDC-ის განცხადებით, სამედიცინო პირბადეები (ქირურგიული და N-95 რესპირატორები) სამედიცინო პერსონალისთვის არის კრიტიკულად საჭირო.

სახლის პირობებში ნაჭრებისგან შეკრილი პირბადეები CDC-ის თანახმად, გამოყენების შემდეგ უნდა გაირეცხოს, მაგალითად სარეცხის მანქანაში. პირბადის სახიდან მოხნის დროსა და შემდეგ არ უნდა შევეხოთ ცხვირს, პირსა და თვალებს. პირბადის მოხსნის შემდეგ აუცილებელია ხელების დაბანა ან სანიტაიზერით დამუშავება.

CDC-ის რეკომენდაცია – როგორ დავამზადოთ პირბადე სახლის პირობებში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი